საკვებით მოწამვლა დაბინძურებული საკვებით გამოწვეული დაავადებაა.
საკვებით მოწამვლის გამომწვევი მიზეზი ყველაზე ხშირად ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები ან მათი ტოქსინებია. ჰიგიენის ნორმების დაუცველობის ან საკვების არასწორი მომზადების შემთხვევაში საკვების დაბინძურება სახლის პირობებშიც ხდება.
როგორც წესი, ინტოქსიკაციის სიმპტომები საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში ვლინდება.
უმეტესად საკვებით მოწამვლა მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, მაგრამ ზოგიერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმდება ჰოსპიტალიზირება ხდება საჭირო.
სიმპტომები
საკვებით მოწამვლის სიმპტომები განსხვავებულია და გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული, მაგრამ უმეტესად ვლინდება:
- გულისრევა;
- პირღებინება;
- თხიერი დიარეა;
- ტკივილი და კრუნჩხვა მუცლის არეში;
- ცხელება.
ინტოქსიკაცია შესაძლებელია გამოვლინდეს დაბინძურებული საკვების მიღებიდან არა რამდენიმე საათში, არამედ რამდენიმე დღისა თუ კვირის შემდეგაც კი. სიმპტომები გრძელდება რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში (გააჩნია მოწამვლის ხარისხს).
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
როგორც უკვე მოგახსენეთ, უმეტესად მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს, სათანადო თვითმკურნალობას ექვემდებარება, მაგრამ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს თუ აქედან რომელიმე სიმპტომი გექნებათ:
- პირღებინების ხშირი ეპიზოდები და ორგანიზმში სითხის შენარჩუნების პრობლემა;
- ღებინებისა თუ დიარეას დროს მასაში შენიშნეთ სისხლი;
- დიარეა 3 დღეზე მეტხანს გრძელდება;
- ძლიერი, მწვავე ტკივილი და სპაზმი მუცლის არეში;
- პირის ღრუს ტემპერატურა, რომელიც 38 C გრადუსს აღემატება;
- დეჰიდრატაციის სიმპტომები (გაძლიერებული წყურვილის გრძნობა, პირის ღრუს სიმშრალე, დაქვეითებული შარდვა, ძლიერი სისუსტე, თავბრუსხვევა);
- ნევროლოგიური სიმპტომები (ბუნდოვანი მხედველობა, მკლავებში ჩხვლეტის შეგრძნება, კუნთების სისუსტე).
რა უნდა გაითვალისწინოთ?
მედიკოსთა განმარტებით, საკვებით მოწამვლის განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფში შედიან: ხანდაზმულები, ორსულები, ახალშობილები და ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
საკვებით მოწამვლის ყველახე ხშირი გართულებული მდგომარეობა დეჰიდრატაციაა. ხშირი პირღებინებისა და დიარეას გამო ორგანიზმი დიდი რაოდენობით წყალს, მინერალს, მარილს კარგავს და აუცილებელია სითხის მიღება.
რისკ-ჯგუფში შემავალ ახალშობილებში, ხანდაზმულებში, ქრონიკული დაავადებების ან დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში დეჰიდრატაცია შედარებით რთული ფორმით მიმდინარეობს, რადგან მათი ორგანიზმი იმაზე მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე ხელახლა აღდგენა შეუძლია. სწორედ ამიტომ აღნიშნულ კლინიკურ შემთხვევებში შესაძლოა პაციენტის კლინიკაში გადაყვანა გახდეს საჭირო.
დაბინძურებული საკვები შეიძლება ისეთი საშიში გართულებების გამომწვევი მიზეზი გახდეს როგორიცაა ლისტერიოზი ან ნაწლავის ჩხირი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/food-poisoning/symptoms-causes/syc-20356230