რა არის ბაქტერიემია?
ბაქტერიემია არის დიაგნოზი, რომელიც ნიშნავს სისხლში ბაქტერიის არსებობას.
სისხლში ბაქტერია იჭრება სხვადასხვა გზით, კერძოდ, ჭრილობიდან, სამედიცინო პროცედურებიდან და თქვენ წარმოიდგინეთ მაშინაც კი, როდესაც კბილს ზედმეტად უხეშად იხეხავთ.
ბაქტერიის ტიპის დიაგნოსტირების შემდეგ ინიშნება შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია.
მკურნალობა უნდა დაინიშნოს სასწრაფოდ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბაქტერიემია სხვა ტიპის ინფექციას გამოიწვევს. არანამკურნალებელ შემთხვევაში ბაქტერიემია პროგრესირდება სიცოცხლისთვის საშიშ ისეთ პათოლოგიად როგორიცაა სეფსისი. სეფსისმა შესაძლოა გამოიწვიოს ორგანოს უკმარისობა და პაციენტი დაიღუპოს.
სისხლი სტერილულია, შესაბამისად, მასში არ უნდა იყოს არც ბაქტერია და არც სხვა მიკრობი. ბაქტერიემია სერიოზული მდგომარეობაა და განსაკუთრებით საშიშია იმ პირებისთვის, ვისაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, რადგან დასუსტებული იმუნიტეტის გამო ორგანიზმი ვერ ებრძვის ინფექციას.
როდესაც ბაქტერია სისხლში იჭრება იმუნური სისტემა უცხო მავნებელს ამჩნევს და ორგანიზმიდან მის გამოდევნას იწყებს, რაც მხოლოდ მსუბუქი სიცხით (ამ პროცესში ადამიანს არ აწუხებს სხვა რამე სერიოზული სიმპტომი) გამოიხატება.
თუმცა როდესაც ბაქტერიემია პროგრესირებულია, ჩნდება შემდეგი ნიშნები:
- კანკალი, ციებ-ცხელება;
- აჩქარებული გულისცემა;
- დაბალი არტერიული წნევა;
- მუცლის ტკივილი;
- გულისრევა და ღებინება;
- დიარეა;
- სწრაფი სუნთქვა.
ბაქტერიის სისხლში შეჭრისგან თავის არიდების საუკეთესო მეთოდია პირად ჰიგიენაზე ზრუნვა, ანუ ხელების რეგულარულად დაბანა, კანზე ნებისმიერი სახის ჭრილობის დამუშავება და ღრმა დაზიანების დროს კლინიკაში დროული მიმართვიანობა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/25151-bacteremia