რა არის პერფექციონიზმი?
პერფექციონიზმი ოფიციალური სამედიცინო დიაგნოზი არ არის, თუმცა გავრცელებული პერსონალური მახასიათებელია, რომელიც ბევრი ადამიანის ორგანიზმში ყალიბდება.
პერფექციონიზმი სრულყოფილებისკენ ლტოლვაა, შესაბამისად, პერფექციონისტი საკუთარ თავს მაღალ მოთხოვნებსა და სტანდარტებს უწესებს, იდეალური შედეგისკენ მიისწრაფვის.
როგორც წესი, პერფექციონიზმი ჩამოყალიბებას იწყებს ბავშვობაში. ხშირად, ჩვენს ცხოვრებაში დიდ გავლენას ახდენენ მშობლები თუ მასწავლებლები და ზოგჯერ მათ სიტყვებს თვითშეფასებაზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია. პერფექციონიზმის გამო ბავშვს შეიძლება ეჩვენებოდეს, რომ დავალებას სრულყოფილად ვერ ართმევს თავს ან მშობელი უბიძგებდეს (როგორც წესი, მშობელს კარგი განზრახვა აქვს, თუმცა ავიწყდება მის თუნდაც ერთ სიტყვას როგორი უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მოზარდის ფსიქიკაზე) იდეალურად მოიქცეს.
დიახ, ჯანსაღი ამბიციის თუ კარგი თვითდისციპლინის ჩამოყალიბებისთვის უფროსი და გამოცდილი ადამიანის რჩევა შეიძლება სასარგებლო იყოს, თუმცა მავნებელი შედეგის რისკიც მაღალია.
პერფექციონისტი ხართ თუ გეცნობათ შემდეგი ნიშნები:
- ძალიან მაღალი სტანდარტები გაქვთ;
- ყველაფერი ორგანიზებული გაქვთ და შედგენილ გეგმას, სტრუქტურას იცავთ;
- დასახული მიზნისკენ ამბიციურად მიისწრაფვით;
- უმნიშვნელო შეცდომებზეც კი ძალიან ნერვიულობთ და დავიწყება გიჭირთ.
თუ სრულყოფილებისკენ სწრაფვა უარყოფით განწყობას გიქმნით, ყოველდღიური ცხოვრების რიტმს გირღვევთ, თვითშეფასებას გიქვეითებთ და გიჭირთ საკუთარი თავის მიღება, მიმართეთ ექიმს.
გახსოვდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანია თავი კარგად იგრძნოთ და ყველაფერში სრულყოფილების დევნა სულაც არ არის აუცილებელი, ზოგჯერ ოქროს შუალედიც საკმარისია.