დიაბეტი ტიპი 2 - დაავადება, რომელიც წლების განმავლობაში ფარულად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს

დიაბეტი ტიპი 2 - დაავადება, რომელიც წლების განმავლობაში ფარულად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ქრონიკული მდგომარეობაა.

დიაბეტის ეს ფორმა ხასიათდება როგორც ინსულინის სიჭარბითა და ინსულინრეზისტენტობით, ისე ინსულინის დეფიციტით.

წლების განმავლობაში ითვლებოდა, რომ იგი ზრდასრულთა დაავადებაა, თუმცა დღეს ამ დიაგნოზს ბევრი ბავშვი ატარებს. მეცნიერთა აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი მსოფლიოში ბავშვთა სიმსუქნის მაღალი მაჩვენებელია.

დიაბეტის ეს ფორმა ნელა ვითარდება. შეიძლება წლების განმავლობაში დიაბეტი ტიპი 2 გქონდეთ და ამის შესახებ არაფერი იცოდეთ.

დაავადების დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • გაძლიერებული წყურვილის გრძნობა;
  • ხშირი შარდვა;
  • ძლიერი შიმშილის გრძნობა;
  • უმიზეზო წონის კლება;
  • დაღლილობა;
  • ბუნდოვანი მხედველობა;
  • ჭრილობის, ნატკენი ადგილის შეხორცების ხანგრძლივი პროცესი;
  • ინფექციებით ხშირი ავადობა;
  • გარკვეულ ადგილებში (ჩვეულებრივ, ყელსა და იღლიაში) მუქი ლაქები.

მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი რისკ-ფაქტორები: ჭარბი წონა, არააქტიური ცხოვრების წესი, ოჯახური ისტორია, ასაკი (45 წელს ზემოთ), პრედიაბეტი, გესტაციური დიაბეტი (დიაბეტი ორსულობისას), საკვერცხეების პოლიკისტური სინდრომი.

სამწუხაროდ, პაციენტები მეორე ტიპის შაქრიან დიაბეტს დიდ ყურადღებას არ აქცევენ, რადგან საწყის ეტაპზე შემაწუხებელი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და დაავადებული თავს კარგად გრძნობს, არაფერს უჩივის. თუმცა დიაბეტი ვერაგი დაავადებაა და აზიანებს გულს, სისხლძარღვებს, ნერვულ სისტემას, თვალებსა თუ თირკმელს.

დაავადება არ იკურნება, მაგრამ მართვადია.

აღსანიშნავია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენცია შესაძლებელია და მაშინაც კი, თუ სახეზეა ოჯახური ანამნეზი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/type-2-diabetes/symptoms-causes/syc-20351193