ჭარბთმიანობას სამედიცინო ენაზე ჰირსუტიზმი ეწოდება.
ქალისთვის არასასურველი ჭარბთმიანობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ორგანიზმში ტესტოსტერონის (მამაკაცის ჰორმონი) მაღალი დონეა.
სიმპტომები
ქალებში ჭარბთმიანობის ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომია ხისტი და მუქი ფერის თმის გაჩენა იმ ადგილებში, სადაც თმა უფრო ხშირად მამაკაცებს აქვთ, მაგალითად, სახეზე, გულმკერდზე, მუცელსა და ზურგზე.
ანდროგენის (მამაკაცის ჰორმონი) მაღალი დონით გამოწვეული ჰირსუტიზმის დროს, დროთა განმავლობაში, ჩნდება სხვა სიმპტომები და აღნიშნულ მდგომარეობას მედიკოსები ვირილიზაციას უწოდებენ.
ვირილიზაცია ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:
- ხმის დაბოხებით;
- სიმელოტით;
- აკნეთი;
- მკერდის ზომის შემცირებით;
- კუნთის მასის გაზრდით;
- კლიტორის გადიდებით.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ თვლით, რომ ჭარბთმიანობა გაქვთ და დისკომფორტს განიცდით ეწვიეთ ექიმს, გაეცანით მკურნალობის მეთოდებს. ჭარბთმიანობა, ხშირად, ჯანმრთელობის პრობლემის სიმპტომია და აუცილებელია ზუსტი მიზეზის დროული დიაგნოსტირება. ენდოკრინოლოგი და დერმატოლოგი ჰირსუტიზმის დამარცხებაში დაგეხმარებიან.
ჰირსუტიზმის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
- პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი;
- კუშინგის სინდრომი;
- თანდაყოლილი ადრენალური ჰიპერპლაზია;
- სიმსივნე;
- ზოგიერთი ტიპის მედიკამენტი.
ცნობისათვის, ხშირად, ჭარბთმიანობა ისე ვლინდება, რომ გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
გაითვალისწინეთ, რომ ჰირსუტიზმის განვითარებას სავსებით შესაძლებელია ხელს უწყობდეს ოჯახური ანამნეზი და ჭარბი წონა. ასევე ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, შუა აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში მცხოვრები ქალბატონები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ჭარბთმიანობისკენ.
ჰირსუტიზმის გამო ზოგიერთი ქალი ემოციურ დისტრესს განიცდის და ფსიქოლოგიურად ითრგუნება. გახსოვდეთ, თანამედროვე მედიცინა ჭარბთმიანობის საკითხს ეფექტურად ებრძვის და ერთადერთი რაც გევალებათ არის ის, რომ დროულად ჩაეწეროთ ექიმთან კონსულტაციაზე.
აღსანიშნავია, რომ ჭარბთმიანობის პრევენცია შეუძლებელია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hirsutism/symptoms-causes/syc-20354935