ლამაზ ყვავილზე მოგითხრობთ.
ბუგენვილია (Bougainvillea) ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ხარობს.
ამ მშვენიერი ყვავილით შეფენილ კედლებსა თუ აივნებს აუცილებლად ნახავდით თურქეთში მოგზაურობისას, კვიპროსის ცნობილ კურორტებზე, საბერძნეთის კუნძულებზე ყოფნისას. ბუგენვილია ამშვენებს ევროპის ბევრ ქვეყანას, მაგალითად, იტალიისა და საფრანგეთის სანაპიროები მისი დამსახურებით კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება. ბუგენვილია პოპულარული ორნამენტული მცენარეა ფლორიდასა და სამხრეთ კაროლინაში, ასევე ხმელთაშუა ზღვის რეგიონში.
მისი სამშობლო სამხრეთ ამერიკაა და დღეს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი სახეობა ხარობს.
პირველი ევროპელი, რომელმაც მცენარე აღწერა, ცნობილი ბოტანიკოსი ფილიბერტ კომერსონი იყო. ბოტანიკოსი ფრანგ ადმირალთან და მოგზაურთან ლუი ანტუან დე ბუგენვილთან ერთად დედამიწის გარშემო მოგზაურობდა.
ყვავილი, ძირითადად, კედელზე იზრდება, მაგრამ ბუჩქისა თუ ხის სახითაც შეიძლება შეგხვდეთ. კუნძულებზე პოპულარულია ქოთანში გაზრდილი ფორმითაც. როცა ქუჩები, აივნები, ფანჯრები და კარი, ჭიშკრები ამ მცენარით იფარება, გარემო საოცრად მიმზიდველი ხდება.
უმეტესად ვარდისფერი, იისფერი და წითელია - სიცხითა და მზის სხივებით იკვებება, თბილი ქვეყნების ყვავილია, არ უყვარს ქარი.
ბუგენვილია ტურისტთა ფოტოგალერეაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფონია და „ინსტაგრამისა“ თუ „პინტერესტის“ ნამდვილი კაშკაშა ვარსკვლავი.