ეიფელის კოშკი - რამდენიმე საინტერესო ფაქტი ცნობილი ნაგებობის შესახებ

ეიფელის კოშკი - რამდენიმე საინტერესო ფაქტი ცნობილი ნაგებობის შესახებ

ეიფელის კოშკი როგორც პარიზის, ისე მთელი საფრანგეთის სიმბოლოა.

იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა ტურისტებს შორის და არანაკლებ პოპულარულია მის ფონზე სამახსოვრო ფოტოს გადაღება.

ფრანგმა ინჟინერმა და არქიტექტორმა გუსტავ ეიფელმა კოშკი 1889 წელს ააშენა. ნაგებობის მშენებლობა 2 წლის განმავლობაში (1887-1889 წწ.) მიმდინარეობდა და თავდაპირველად საგამოფენო სივრცისთვის იყო განკუთვნილი. 1889 წელს მსოფლიო ექსპოზიციისთვის (საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ინდუსტრიალიზაციის სიმბოლოდ და ტექნოლოგიური მიღწევების ღია მოედნად ითვლება) შექმნილი ნაგებობა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ადგილია.

თვალი გადავავლოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ეიფელის კოშკის შესახებ:

  • მისი სიმაღლე 324 მეტრია, რაც სიმაღლეში დაახლოებით 81-სართულიან შენობას უდრის;
  • პარიზის ყველაზე მაღალი ნაგებობაა;
  • კოშკის პირველ და მეორე დონეზე რესტორანი ფუნქციონირებს;
  • თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო. 300 ადამიანი (მათ შორის მწერლები, მხატვრები, მოქანდაკეები და არქიტექტორები) აწერდა პეტიციას ხელს, სადაც ეიფელის კოშკის მშენებლობა იყო გაპროტესტებული - კონსტრუქცია წერილში მოხსენიებული იყო როგორც უსარგებლო, ვეებერთელა, საშინელი. უკმაყოფილება გამოთქვეს ბუნების მოყვარულებმაც, რომლებიც შიშობდნენ, რომ კოშკის სიმაღლე პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდა პარიზის თავზე მონარნარე ჩიტებისთვის;
  • კოშკი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლიშეა, მაგალითად, ფილმში პარიზული ფანჯრიდან აუცილებლად უნდა ჩანდეს ეიფელის კოშკი. რეალურად ზონური შეზღუდვების გამო ქალაქში მხოლოდ რამდენიმე შედარებით მაღალ შენობას აქვს კოშკზე ასეთი ხედი;
  • 2007 წელს მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო ერიკა ლაბრიმ შეერთებული შტატებიდან. ერიკამ კოშკზე იქორწინა და „მეუღლის“ გვარზე გადავიდა - ქორწინების შემდეგ მას ერიკა ეიფელის სახელით იცნობენ;
  • კოშკის მესამე დონეზე ბინა მდებარეობს, რომელიც გუსტავ ეიფელმა ააშენა. ოთახი ავეჯითაა მოწყობილი. ამ ოთახში გუსტავი ისვენებდა და ზოგჯერ სტუმრებს მასპინძლობდა. დღესაც აკრძალულია ნომრის ქირაობა, მაგრამ დათვალიერების ნებას დაგრთავენ;
  • ეიფელის კოშკს წელიწადში 7 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს;
  • ჰიტლერმა კოშკის დანგრევის ბრძანება გასცა, მაგრამ გენერალმა დიტრიხ ვონ ჩოლტიცმა ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა;
  • ყოველ 7 წელიწადში ეიფელის კოშკს ღებავენ და ამისთვის 60 ტონა საღებავი იხარჯება;
  • მსოფლიოს გარშემო ეიფელის კოშკის არაერთი ასლია განთავსებული და მათ შორის ყველაზე პოპულარულია ლას-ვეგასში მდებარე;
  • ყოველ ღამით კოშკი 20 000 ნათურით ნათდება.