კანის ნაკეცების ანთება

კანის ნაკეცების ანთება

რა არის ინტერტრიგო (დაოდვილობა)?

ინტერტრიგო (დაოდვილობა) კანის ნაკეცების ანთებაა, რომელიც ვითარდება კანის ურთიერთშემხები ზედაპირების ხახუნით - კანის ანთებით დაავადებას გააქტიურება ახასიათებს სიცხისა და ტენიანობის პირობებში. სიმპტომების ხელშემწყობია ოფლი, ცხიმი.

ინტერტრიგო (დაოდვილობა) შესაძლოა გადაიქცეს ინფექციის კერად. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში კანის დაზიანებული არე ბაქტერიებისა თუ სოკოს გამრავლების/გამწვავების მიზეზია.

დაოდვილობა განსაკუთრებით გავრცელებულია სხეულის შემდეგ არეში:

  • კისერი;
  • იღლია;
  • მკერდის ქვედა ან მკერდს შორის მდებარე სივრცე;
  • მუცლის მონაკვეთი;
  • საზარდული;
  • ბარძაყის შიდა მხარე;
  • თითებს შორის სივრცე.

მისგან არავინაა დაზღვეული, ვლინდება ნებისმიერ ასაკში, თუმცა ინტერტრიგო (დაოდვილობა) ჩვილებში მეტადაა გავრცელებული საფენისა და ნერწყვის გამო. ამასთან, ინტერტრიგოს რისკ-ჯგუფში შედიან სუსტი იმუნიტეტის, სხვადასხვა დაავადების მქონე პირები. პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბების რისკი იზრდება თუ ანამნეზში ფიქსირდება ჭარბი წონა ან დიაბეტი.

ინტერტრიგო (დაოდვილობა) გავრცელებული დაავადებაა - კანის ეს პათოლოგია განსაკუთრებით ხშირია ზაფხულში, ცხელ და ნესტიან გარემოში.

საწყის სტადიაზე კანის ნაკეცების ანთებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • კანის ურთიერთშემხებ ზედაპირებზე წითელი ან მოწითალო მოყავისფრო გამონაყარი;
  • დაზიანებულ არეში ქავილი, წვის შეგრძნება;
  • ტკივილი და დისკომფორტი დაზიანებულ მიდამოში.

ამ სიმპტომებით ვლინდება ინფიცირებული კანის ნაკეცების ანთება:

  • დაზიანებულ არეში მძაფრი სუნი;
  • ჩირქიანი გამონაყარი;
  • კანზე გამონაყარი ამობურცულია.

ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან არანამკურნალებელი დაოდვილობა სერიოზულ გართულებებს იწვევს.

გაითვალისწინეთ, ინტერტრიგო არ არის გადამდები, ანუ ერთი ადამიანიდან მეორეს არ გადაეცემა.

წყარო:   

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21693-intertrigo