რა არის ინტერტრიგო (დაოდვილობა)?
ინტერტრიგო (დაოდვილობა) კანის ნაკეცების ანთებაა, რომელიც ვითარდება კანის ურთიერთშემხები ზედაპირების ხახუნით - კანის ანთებით დაავადებას გააქტიურება ახასიათებს სიცხისა და ტენიანობის პირობებში. სიმპტომების ხელშემწყობია ოფლი, ცხიმი.
ინტერტრიგო (დაოდვილობა) შესაძლოა გადაიქცეს ინფექციის კერად. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში კანის დაზიანებული არე ბაქტერიებისა თუ სოკოს გამრავლების/გამწვავების მიზეზია.
დაოდვილობა განსაკუთრებით გავრცელებულია სხეულის შემდეგ არეში:
- კისერი;
- იღლია;
- მკერდის ქვედა ან მკერდს შორის მდებარე სივრცე;
- მუცლის მონაკვეთი;
- საზარდული;
- ბარძაყის შიდა მხარე;
- თითებს შორის სივრცე.
მისგან არავინაა დაზღვეული, ვლინდება ნებისმიერ ასაკში, თუმცა ინტერტრიგო (დაოდვილობა) ჩვილებში მეტადაა გავრცელებული საფენისა და ნერწყვის გამო. ამასთან, ინტერტრიგოს რისკ-ჯგუფში შედიან სუსტი იმუნიტეტის, სხვადასხვა დაავადების მქონე პირები. პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბების რისკი იზრდება თუ ანამნეზში ფიქსირდება ჭარბი წონა ან დიაბეტი.
ინტერტრიგო (დაოდვილობა) გავრცელებული დაავადებაა - კანის ეს პათოლოგია განსაკუთრებით ხშირია ზაფხულში, ცხელ და ნესტიან გარემოში.
საწყის სტადიაზე კანის ნაკეცების ანთებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- კანის ურთიერთშემხებ ზედაპირებზე წითელი ან მოწითალო მოყავისფრო გამონაყარი;
- დაზიანებულ არეში ქავილი, წვის შეგრძნება;
- ტკივილი და დისკომფორტი დაზიანებულ მიდამოში.
ამ სიმპტომებით ვლინდება ინფიცირებული კანის ნაკეცების ანთება:
- დაზიანებულ არეში მძაფრი სუნი;
- ჩირქიანი გამონაყარი;
- კანზე გამონაყარი ამობურცულია.
ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან არანამკურნალებელი დაოდვილობა სერიოზულ გართულებებს იწვევს.
გაითვალისწინეთ, ინტერტრიგო არ არის გადამდები, ანუ ერთი ადამიანიდან მეორეს არ გადაეცემა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21693-intertrigo