რა დანიშნულება აქვს სიბრძნის კბილს?
სიბრძნის კბილი, როგორც წესი, ამოდის 17-დან 25 წლამდე ასაკში.
ზოგჯერ უსიმპტომოდ ყალიბდება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ამოღებას საჭიროებს (ინფექციის, კარიესის, ღრძილის დაავადების და პირის ღრუს სხვა პათოლოგიების გამო).
ყველა ადამიანს არ აქვს სიბრძნის კბილი - ორივე შემთხვევაში (ვისაც აქვს და ვისაც არ აქვს) ნორმაა.
სიბრძნის კბილი სხვა ყველა ძირითადი, უკანა კბილის მსგავსია. უმეტეს მათგანს აქვს 2 ან 3 ფესვი, თუმცა შეიძლება ჰქონდეს ოთხიც. ფესვის ფორმა თითოეული ადამიანის პირის ღრუში განსხვავებულია.
სიბრძნის კბილის ამოსვლის პროცესს ხშირად ერთვის შემდეგი სიმპტომები:
- უკანა ძირითადი კბილების გარშემო ღრძილები შეწითლებული ან შეშუპებულია;
- ყბის ტკივილი;
- ვინაიდან სიბრძნის კბილი ნერვს აწვება, ადამიანი უჩივის სახის ტკივილს;
- უკანა კბილებზე თეთრი ლაქები.
როდესაც სიბრძნის კბილი ნორმალურად, ფიზიოლოგიურად ფორმირდება, ერთგვარი საყრდენის ფუნქციას იძენს პირის ღრუში - იცავს ყბის ძვალს. თუმცა ბევრი სტომატოლოგის აზრით, იგი სულაც არ გვჭირდება.
სიბრძნის კბილი, ძირითადად, უფუნქციოა და ღეჭვის პროცესში პრაქტიკულად არ იღებს მონაწილეობას.
ადამიანის განვითარების ევოლუციურმა პროცესებმა ყბის ძვლების ზომის შემცირება გამოიწვია - თანამედროვე ადამიანის ყბა გაცილებით პატარაა. დღეს ბევრი ადამიანის პირის ღრუში, ფაქტობრივად, არც არის სივრცე „დამატებითი“ კბილის ამოჭრისთვის.
მოგეხსენებათ, ჩვენი წინაპრების პრიმიტიული კვების რაციონი დიდი რაოდენობით უმი ხორცისგან, მცენარეებისგან, მყარი თხილეულისგან შედგებოდა, შესაბამისად, ამ ტიპის საკვების დასაქუცმაცებლად სწორედ სიბრძნის კბილები სჭირდებოდათ.
დღეს თანამედროვე პროდუქტებისა და შესაბამისი ჭურჭლის ფონზე სიბრძნის კბილის ფუნქცია დაკარგულია - ევოლუციის შედეგად, ადამიანმა დაკარგა სიბრძნის კბილის გამოყენების აუცილებლობა, შესაბამისად, ყბის ძვალი, პირის ღრუს ფიზიოლოგია ახალ რეალობას მოერგო.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/body/23223-wisdom-teeth