რატომ ჩნდება აკნე და როგორ მკურნალობენ?

რატომ ჩნდება აკნე და როგორ მკურნალობენ?

აკნე კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებითი დაავადებაა.

ეს არის მდგომარეობა, როცა თმის ფოლიკულა ცხიმითა და კანის მკვდარი უჯრედებით იხშობა.

როგორც წესი, გამონაყარი ჩნდება სახეზე, გულმკერდზე, ზურგსა თუ მხრებზე - ყველა ასაკის ადამიანი რისკის წინაშეა, მაგრამ უმეტესად თინეიჯერებს აღენიშნებათ.

რასაკვირველია, აკნეს ეფექტური მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ პაციენტთა დიდი ნაწილი ღიზიანდება იმ ფაქტით, რომ უმეტესად პროცესი დროში იწელება - როცა ერთი მუწუკი ქრება, უმალ მეორე ჩნდება.

შეიძლება სახეზე გაჩენილმა ფერიმჭამელებმა ან ლაქებმა ემოციური დისტრესი გამოიწვიოს. გახსოვდეთ, მკურნალობის კურსი დროს მოითხოვს და ამის გამო თავს უხერხულად არ უნდა გრძნობდეთ.

აკნეს სიმპტომები

სიმპტომები მრავალფეროვანია და კანის მდგომარეობის სიმწვავის მიხედვით განსხვავდება, თუმცა უმეტესად ვლინდება:

  • თეთრი ფერიმჭამელები;
  • შავი ფერიმჭამელები;
  • პატარა წითელი პაპულები (მუწუკი);
  • ჩირქოვანი გამონაყარი (როცა ფერიმჭამელის თავი ჩირქით, თეთრი ფერითაა ამოვსებული);
  • დიდი ზომის, მკვრივი, მტკივნეული, კვანძოვანი მუწუკები კანის ზედაპირზე და სხვა.

სახეზე ნებისმიერი ტიპის წარმონაქმნის გაჩენისას მოერიდეთ მექანიკურ გაღიზიანებას (დაუშვებელია ამორწყვა), ვინაიდან შეიძლება მდგომარეობა მეტად გართულდეს. გახსოვდეთ, რომ სახის არეში ვენებს არ აქვთ სარქველები და შესაბამისად, თავის ტვინში ინფექციის გავრცელების რისკი საკმაოდ მაღალია.

პაციენტების დიდი ნაწილი აკნეს თვითნებურად მკურნალობს, თუმცა რაც უფრო დროულად მიმართავთ დერმატოლოგს, მით მალე შემსუბუქდება პრობლემა.

აკნეს გამომწვევი მიზეზები

დერმატოლოგები 4 მთავარ ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას, კერძოდ, აკნეს იწვევს: ჭარბი დოზით ცხიმის გამომუშავება; თმის ფოლიკულის ცხიმითა და კანის მკვდარი უჯრედებით დახშობა; ბაქტერია; ჰორმონ ანდროგენის აქტივობა.

ზოგიერთი რისკ-ფაქტორის გამო აკნე ჩნდება ან აკნეს ხარისხი მწვავდება, მაგალითად, გასათვალისწინებელია: ჰორმონული დისბალანსი, ზოგიერთი ტიპის მედიკამენტი, საკვები (სიმპტომების გაუარესების ხშირი მიზეზია რძე, ნახშირწყლები, შოკოლადი), სტრესი.

მკურნალობა

მკურნალობის კურსს ექიმი ინდივიდუალურად ადგენს და ითვალისწინებს პაციენტის ასაკსა და კანის მდგომარეობას.

შეიძლება დაინიშნოს ლოსიონები, გელი ან კრემი, ანტიბიოტიკური თერაპია, ანტიბაქტერიული მედიკამენტი, მკურნალობა ლაზერით, ქიმიური პილინგი, ფერიმჭამელების ექსტრაქცია, სტეროიდული ინექცია და სხვა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/acne/symptoms-causes/syc-20368047