ლეგენდა ჯაჭვის ხიდის ლომის სკულპტურებზე - მოგზაურობა უმშვენიერეს ბუდაპეშტში

ლეგენდა ჯაჭვის ხიდის ლომის სკულპტურებზე - მოგზაურობა უმშვენიერეს ბუდაპეშტში

ჯაჭვის ხიდი ბუდაპეშტის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.

გადაჭიმულია მდინარე დუნაიზე, მოქცეულია ბუდასა და პეშტს შორის (ბუდაპეშტის დასავლეთ და აღმოსავლეთ რაიონი). მისი საერთო სიგრძე 375 მეტრია.

ინგლისელი ინჟინრის უილიამ ტიერნი კლარკის მიერ დაპროექტებული ხიდის მშენებლობა 1840 წელს დაიწყო და 1849 წელს გაიხსნა. იგი პირველ მუდმივ ხიდს წარმოადგენს, რომელიც კი დუნაის სანაპიროზე უნგრეთში აშენებულა.

მისი ოფიციალური სახელწოდება სეჩენის სახელობის (იშტვან სეჩენი უნგრელი პოლიტიკოსი იყო, რომელსაც ხიდის მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის) ჯაჭვის ხიდია.

ხიდი წარმოადგენდა პროგრესის, ეროვნული გამოღვიძების, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთმანეთთან დაკავშირების სიმბოლოს.

ხიდზე გადასვლისას, ორივე მხარეს გეგებებათ ლომების სკულპტურები (მოქანდაკე იანოს მარშალკო).

ორივე სკულპტურა ხიდის მთლიან ანსამბლს 1852 წელს დაემატა. აღსანიშნავია, რომ ჯაჭვის ხიდის სკულპტურები ტრაფალგარის მოედანზე მდებარე ლომის ქანდაკებების დიზაინის მსგავსია.

უნგრული ლეგენდის მიხედვით, ჯაჭვის ხიდის ლომებს ენა არ აქვთ, თუმცა სკულპტურებს ენა აქვთ და უბრალოდ ქვემოდან არ ჩანს.

შეიძლება შეგიმჩნევიათ ადამიანები, რომლებიც ხიდზე ამ სკულპტურებთან ახლოს მიდიან და ლომების პირის ღრუს დიდი ინტერესით აკვირდებიან.

დიახ, ლომის ენაზე არაერთი ლეგენდა არსებობს და ერთ-ერთი პოპულარული ვერსიის მიხედვით, მოქანდაკეს მისი გამოძერწვა დაავიწყდა. ყველაფერი ერთ დღეს დაიწყო, როდესაც ადგილობრივმა მეწაღემ შენიშნა, რომ ლომებს ენა არ აქვთ და ამის შესახებ მთელ ქალაქში საუბრობდა.

ამბავმა სკულპტორის ყურამდეც მიაღწია და საგონებელში ჩააგდო...

საკუთარი სიმართლე რომ დაემტკიცებინა, მარშალკო მეგობრებთან ერთად ნამდვილი ლომის სანახავად წავიდა. ნამდვილი ლომის ნახვის შემდეგ მოქანდაკე და მეგობრები გამხიარულდნენ, რადგან ყველა დარწმუნდა, რომ ხელოვნების ნიმუშს ხარვეზი არ ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, ქალაქში ამ თემაზე მაინც საუბრობდნენ. ერთ დღეს ამ მითქმა-მოთქმით შეწუხებულმა სკულპტორმა გამვლელს მიაძახა - შენს ცოლს ჰქონდეს ისეთივე ენა როგორიც ჩემს ლომებს აქვთო.

მოქანდაკე ამტკიცებდა, რომ ლომებს აქვთ ენა, მაგრამ მიწიდან არ ჩანს.

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, მოქანდაკემ ადგილობრივებს უთხრა, რომ ნებისმიერს აჩუქებდა 500 ფორინტს (უნგრული ვალუტა) ვინც ნახავდა, რომ სკულპტურის მსგავსად მოკალათებულ ნამდვილ ლომს ენა უჩანს. აზარტული ადგილობრივები ცირკში მისულან და დარწმუნებულან, რომ მოქანდაკე მართალია. გახარებულ ხელოვანს მოგებული თანხა ქველმოქმედებაში დაუხარჯავს.

ხიდზე გადასვლისას თქვენ წინ გადაიშლება უმშვენიერესი ხედი - იხილავთ ბუდას ციხესიმაგრეს, მეთევზეთა ბასტიონსა და მატიაშის ტაძარს მთელი თავისი დიდებულებით. აუცილებლად გადაიხედეთ ხიდიდან და დატკბით დუნაის ორივე ნაპირზე გაშენებული თვალწარმტაცი არქიტექტურით.