საბერძნეთი ნამდვილად არის ქვეყანა, რომელსაც ყველა მოგზაური ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ უნდა ესტუმროს.
ტურისტები ხშირად ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში თავს ბედნიერად გრძნობენ, დადებითი ენერგიით იმუხტებიან და შვებულების დასრულების შემდეგ ყოველთვის უკან დაბრუნებაზე ფიქრობენ.
ზურმუხტისფერი ზღვის, თეთრი ქვიშის, დიდებული კულტურისა და ისტორიის, ანტიკური ცივილიზაციის სამფლობელო მილიონობით მოგზაურის საყვარელი ტურისტული მიმართულებაა, ხოლო მისი თვალწარმტაცი კუნძულები არაერთი ხელოვანის შთაგონების წყარო გამხდარა.
საბერძნეთის ტერიტორიაზე 6 000-მდე კუნძულია აღრიცხული და მხოლოდ 200 კუნძული თუ ნახევარკუნძულია დასახლებული.
ტურისტულად აქტიურ სეზონზე ბერძნების ნაწილი დიდი ქალაქებიდან კუნძულებზე ბრუნდება და ვილებს, სასტუმროებსა თუ რესტორნებს აქირავებს.
კუნძულები ერთმანეთს თვითმფრინავით ან საკრუიზო გემით, ბორნით უკავშირდება.
ცალკე სტატია ნამდვილად ეკუთვნის ბერძნულ სამზარეულოს და იმ დაუვიწყარ გემოს, რომელსაც ზღვის პროდუქტები და ბერძნული სალათა, ზეთისხილი თუ ფეტა (ბერძნული ყველი) ეგეოსის ტალღების ფონზე გაჩუქებთ.
შეიძლება კუნძულის სახელი, რომლის შესახებაც სტატიაში მოგითხრობთ, არ იცოდეთ, მაგრამ ბევრ თქვენგანს იგი ეკრანზე უკვე უნახავს. „მამა მიას“ დაუვიწყარი კადრები სწორედ სკოპელოსზეა გადაღებული.
ადგილობრივები ამ ფილმით ძალიან ამაყობენ და წლების შემდეგაც სიამოვნებით იხსენებენ, თუ სად ნახეს მერილ სტრიპი, ამანდა სეიფრინდი და ფილმის მონაწილე ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები.
სცენარი, რომელიც ახალგაზრდა სოფის გარშემო ტრიალებს, ულამაზეს პეიზაჟებს მოიცავს.
სკოპელოსი ეგეოსის ზღვაში ყველაზე მწვანე კუნძულია. ზოგიერთი ათენელი ხუმრობს კიდეც კუნძულისთვის გარშემო ზედმეტად ბევრი ხე და ბუჩქიაო.
ამ კუნძულზე უმეტესად მთლიანი ვილები ქირავდება და ეს სერვისი სასტუმროს ნომრებზე პოპულარულია.
ტერიტორიაზე 360-ზე მეტი ეკლესიაა.
სანაპიროთა უმეტესობას ესაზღვრება ტყე, ხოლო ზღვა საოცრად ცისფერია. წყალი იმდენად კრისტალურად სუფთაა, ბევრ თქვენს მეგობარს ვერ დააჯერებთ, რომ კადრი ზღვის ხედით ფოტოშოპში დამუშავებული არაა.
კუნძულის ვიწრო ქუჩებში სეირნობისას შენიშნავთ, რომ სახლების დიდ ნაწილს ცისფერ ან ვარდისფერ ტონალობაში შეღებილი კარები და ფანჯრები ამშვენებს, ხოლო კედლები ვარდისფერი, იასამნისფერი ან წითელი ყვავილებიანი სუროთია დაფარული.
ცნობისათვის, კუნძულის მუდმივ მაცხოვრებელთა რაოდენობა 5 000-მდეა.
სკოპელოს არ აქვს აეროპორტი. თვითმფრინავით ჩაფრენა შესაძლებელია უახლოეს კუნძულზე სკიათოსზე, შემდეგ კი სკოპელოსში ბორნით ჩახვალთ. ათენის საერთაშორისო აეროპორტიდან სკიათოსის საერთაშორისო აეროპორტამდე ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით ნახევარი საათია, ხოლო ბორანს 1 საათი დასჭირდება.