კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მედიკოსები სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდებენ.
ზრდასრულების მსგავსად სახლში დიდ დროს ატარებენ პატარებიც. როგორ გავართოთ ბავშვები სახლის პირობებში?
პატარა ადამიანებს უნდა შევთავაზოთ ისეთი აქტივობა, რომელიც ერთდროულად სასიამოვნო და მხიარული, ამავდროულად საინტერესო და შემეცნებითი იქნება.
წაუკითხეთ პატარებს წიგნები. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბავშვში კითხვის პროცესი სასიამოვნო ასოციაციას იწვევდეს, არ დააძალოთ, ნუ განუსაზღვრავთ წასაკითხი გვერდების რაოდენობას. პერსონაჟის, მოსმენილი ამბის შესახებ დამოკიდებულების, მოსაზრების გამოხატვა სთხოვეთ. ძალიან კარგი იქნება, თუ წაკითხულის მიხედვით ერთგვარი ილუსტრაციების დახატვას დაავალებთ.
რასაკვირველია, ბავშვებს ძალიან უყვართ ანიმაციური ფილმები და შეგიძლიათ ასაკის შესაბამისი შეარჩიოთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ მათთვის ეკრანთან ურთიერთობის დრო მაქსიმალურად შეზღუდული უნდა იყოს.
მარტივ ხელნაკეთ ნივთებზე რას იტყვით? ბავშვებს მიეცით ფერადი ფანქრები და ფურცლები.
კორონავირუსის გამო ახლობლებს, მეგობრებს ვერ ვნახულობთ და როგორც წესი, მობილურის ან ინტერნეტის მეშვეობით ვეკონტაქტებით. პატარას დიდი ხანია ბებია ან თანატოლი ნათესავი არ უნახავს? სთხოვეთ, მათ წერილი მისწეროს. თავადვე დარწმუნდებით თუ როგორ მოიხიბლებიან პატარები ამ აქტივობით.
დროა სამზარეულოში გადავინაცვლოთ. მოიფიქრეთ მარტივი რეცეპტი და პატარებს სამზარეულოში ფუსფუსის (რასაკვირველია, თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ და უსაფრთხო გარემოში) საშუალება მიეცით. პატარები გამხიარულდებიან, არაერთ უნარ-ჩვევას განივითარებენ და მომზადებულ კერძსაც სიხარულით დააგემოვნებენ.
ბავშვების გონებრივი განვითარების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი ფაზლების აწყობაა. დაავალეთ სხვადასხვა ვიზუალის ფაზლის აწყობა და პარალელურად მოუთხრეთ საინტერესო ამბები ფაზლზე გამოსახულ ფიგურებსა თუ ადგილებზე. აუცილებლად ჩართეთ აქტივობაში და სთხოვეთ აზრის გამოხატვა გამოსახულებების შესახებ.
სასტუმრო ოთახი სცენად აქციეთ და კონცერტი ჩაატარეთ. ბავშვებს სთხოვეთ საზეიმო საღამოსთვის მუსიკალური ან საცეკვაო ნომრები შეასრულონ. კონცერტის ბოლოს პატარა ვარსკვლავები მხურვალე აპლოდისმენტით გაამხნევეთ.
სახლში შეიძლება გქონდეთ ძველი ყუთები და ბავშვებს ფერადი ფანქრებით მისი გალამაზება სთხოვეთ.
რას იტყვით სახლში „ლაშქრობაზე“? ოთახში პაწაწინა ბანაკი მოაწყვეთ და ერთად იმხიარულეთ.
წყარო: