სტამბოლთან ახლოს მდებარე კუნძული, სადაც დრო გაჩერდა

სტამბოლთან ახლოს მდებარე კუნძული, სადაც დრო გაჩერდა

სტამბოლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა.

თუმცა ცოტამ თუ იცის პრინცის კუნძულების შესახებ, რომელიც ამ მშვენიერი ქალაქიდან დაახლოებით 2 საათის გზაზეა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებთ.

როცა მეთევზეებით სავსე გალათას ხიდიდან მზის სხივებით მოლივლივე ბოსფორის სრუტეს გადახედავთ, ტაქსიმზე ცნობილი წითელი ტრამვაით გაისეირნებთ, ყოველ კუთხეში საკმაოდ ფუმფულა ფისუნიებს შეხვდებით, ემინონუდან სწრაფი ნაბიჯებით ისტორიულ ცენტრს მიადგებით და საოცარი ნაგებობების (აია სოფია, სულთან აჰმედის მეჩეთი, დოლმაბაჰჩეს სასახლე, თოფქაფის სასახლე) ხილვით გულს იჯერებთ, ფატიხის რაიონში მდებარე დიდ ბაზარში ჭრელი თავშლების, სურნელოვანი სუნელებისა და სამკაულების „ხეივანში“ დაიკარგებით, საღამოს კი უგემრიელესი თურქული ყავისა და ლახათ-ლუხუმის ფონზე მომდევნო დღის გეგმას შეადგენთ, სიაში შეიტანეთ კუნძული, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მარმარილოს ზღვის მარგალიტი.

ბორანი

კუნძულზე ჩასვლაში ზღვის ტრანსპორტი დაგეხმარებათ.

ბორანი კუნძულების მიმართულებით გადის შემდეგი ნავსადგურებიდან: ემინონუ (Eminonu), კადიკოი (Kadikoy) და ბოსტანჩი (Bostanci). ბორნების განრიგი სეზონის მიხედვით იცვლება და შტორმის დროს არ ფუნქციონირებს.

ბილეთს შეიძენთ IstanbulKart-ის მეშვეობით. ეს ბარათი სტამბოლში ჩასვლის პირველივე წუთებში უნდა შეიძინოთ. IstanbulKart-ით შეძლებთ სხვადასხვა ტრანსპორტით მგზავრობას და მუზეუმში შესვლას.

როცა ბორანი ზღვაში შეიჭრება და ჰორიზონტზე სტამბოლის ხედს ტალღა შეცვლის, თოლიები გესტუმრებიან და კუნძულამდე თქვენთან ერთად იმგზავრებენ. მათ იციან, რომ მგზავრები საკვებით გაუმასპინძლდებიან და გემის გარშემო მხიარულად დაფრინავენ.

სრულ ნეტარებაში მყოფთ გამოგაფხიზლებთ მოხეტიალე მოვაჭრეების შეძახილი - სიმიტ, სიმიტ (თურქული ბლითები სეზამის მარცვლებით). ცდუნებას ვერ გაუძლებთ და აუცილებლად შეიძენთ რომელიმე წვრილმან ნივთს ან საკვებს, რომელსაც საოცარი ენთუზიაზმით გთავაზობენ.

და აი, უკვე გამოჩნდა ზღვაში შეჭრილი პირველი კუნძული და გემმაც მიმართულება სანაპიროსკენ აიღო. თქვენი გადასაწყვეტია, რომელ კუნძულს ესტუმრებით და რომელიც არ უნდა შეარჩიოთ, აუცილებლად მოიხიბლებით.

კუნძულები

პრინცის კუნძულები 9 კუნძულისგან შემდგარი ჯგუფია. მიუხედავად ამისა, მხოლოდ 4 მათგანია საზოგადოებისთვის გახსნილი და კერძოდ: კინალიადა (Kinaliada), ჰეიბელიადა (Heybeliada), ბიურგაზადა (Burgazada), ბუიუკადა (Buyukada).

კუნძულების სახელწოდება სათავეს ბიზანტიისა და ოსმალეთის იმპერიების ეპოქიდან იღებს და ამ ტერიტორიაზე ასახლებდნენ დინასტიების არასანდო თუ არასასურველ წევრებს.

დღეს კი, მდიდარი თურქების ვილებისა და იმ ადგილობრივებისა თუ ტურისტების სამფლობელოდ იქცა, რომელთაც ქალაქის სიცხისა და ხმაურისგან დამალვა სურთ.

კუნძულებზე ყოფნისას ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ თითქოს დრო გაჩერდა და სხვა საუკუნეში გადაინაცვლეთ, რადგან ყველა კუნძულზე აკრძალულია ავტომობილით გადაადგილება და პარკინგი მხოლოდ ველოსიპედისთვის და ფაეტონისთვისაა განკუთვნილი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციას კუნძულზე ველოსიპედი ან ცხენებიანი ფაეტონი ასრულებს. სეირნობის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა.

ზაფხულში და შემოდგომის შუა რიცხვებამდე კუნძულებზე კეთილმოწყობილია სანაპირო ზოლი. გარკვეული თანხის სანაცვლოდ მთელი დღით შეგიძლიათ ისარგებლოთ შეზლონგით, ქოლგით და იცუროთ მარმარილოს ზღვაში.

კუნძულებზე საოცარი სიმშვიდე და სიჩუმეა. რამდენიმე საათში შეგიძლიათ შემოიაროთ ვიწრო და კოხტა ქუჩები, რომელსაც დიდებულად გადაჰყურებს ლამაზი ვილები, თავმომწონე ყვავილები, სკულპტურებით მორთული და მოჩუქურთმებული აივნები, იახტებით დატვირთული ყურეები. თითქოს გიხმობთ პალმების ხეივანი და სიჩუმეში ზღვის ტალღები გესაუბრებათ, ჰორიზონტს კი სტამბოლის ხედი ამშვენებს.

ყველა კუთხეში ნახავთ გოგონებს, რომლებიც ყვავილების გვირგვინს არჩევენ - გირჩევთ, თქვენც შეიძინოთ.

ცნობისათვის, ამ ლამაზ კუნძულებზე გადაღებულია არაერთი პოპულარული თურქული სერიალი და ფილმი.

კუნძულებზე ყველა გემოვნებისა და ბიუჯეტის მქონე ტურისტი შეარჩევს მისთვის სასურველ სასტუმროს ნომერს, ხოლო თუ კუნძულს მხოლოდ ერთი დღით სტუმრობთ, საღამოს, ბორნის საყვირი შეგახსენებთ, რომ თანამედროვე სტამბოლის მჩქეფარე რიტმში დაბრუნების დროა.