რა არის ეშერიხია კოლი (E. coli)?
ეშერიხია კოლი არის ბაქტერია, რომელიც ნორმალურ პირობებში ბინადრობს პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანისა და ცხოველის ნაწლავში.
E. coli-ს უმეტესი ტიპი უვნებელია ან იწვევს დიარეას. თუმცა ზოგიერთი შტამი, მაგალითად, E. coli O157:H7, გაცილებით საშიშია და მის გამო ორგანიზმში ყალიბდება ისეთი საყურადღებო ნიშნები როგორიცაა: მუცლის სპაზმი, სისხლიანი დიარეა, ღებინება.
დაავადების რისკი მაღალია თუ ადამიანი მიიღებს ინფიცირებულ წყალსა და საკვებს.
პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი გაცილებით მარტივად ებრძვის ბაქტერიას - ამ ჯგუფში ინფექციისგან განკურნების პერიოდი ერთ კვირას მოიცავს.
რისკ-ჯგუფში შედიან ბავშვები და ხანდაზმულები - ამ ასაკის პირებში გაცილებით ხშირია თირკმლის უკმარისობის დიაგნოზი.
რისკ-ჯგუფში შედიან სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებიც.
ეშერიხია კოლის ინფექციის სიმპტომები, როგორც წესი, ჩნდება ბაქტერიის შეჭრიდან 3-4 დღეში. თუმცა სავსებით შესაძლებელია ნიშნები გამოგივლინდეთ ინფიცირების დღესვე.
ინფექციის სიმპტომებია:
• დიარეა (შეიძლება იყოს მსუბუქი, თხიერი ან მწვავე, სისხლიანი);
• ტკივილი და სპაზმი მუცლის არეში;
• გულისრევა და ღებინება (ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში).
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ დიარეა რამდენიმე დღის განმავლობაში, დიარეა არის ძლიერი ან შენიშნეთ სისხლი განავალში.
E. coli-ს ბაქტერია ადვილად გადადის ერთი ადამიანის ორგანიზმიდან მეორეში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინფიცირებული ზრდასრული თუ ბავშვი არ იბანს ხელებს საპნით, ანუ დარღვეულია პირად ჰიგიენაზე ზრუნვის მთავარი წესი.
ამ დროისთვის არ არსებობს რომელიმე ვაქცინა თუ მედიკამენტი, რომელიც ამ ინფექციისგან დაგიცავთ - მეცნიერები პოტენციურ მეთოდებზე აქტიურად მუშაობენ.
ინფიცირების რისკის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, გთხოვთ, არ დალიოთ/არ გადაგეყლაპოთ წყალი ტბიდან, აუზიდან, ხშირად დაიბანეთ ხელები, მოერიდეთ რისკის შემცველ საკვებს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/e-coli/symptoms-causes/syc-
20372058