რა არის ლაპაროსკოპიული ქირურგია?
ლაპაროსკოპია ქირურგიული ჩარევის სახეობაა, რომლის დროსაც მანიპულაცია ტარდება პატარა განაკვეთებიდან.
ქირურგი სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოს დახმარებით იღებს ვიდეოგამოსახულებას. განაკვეთების რაოდენობა ოპერაციის ტიპსა და მოცულობაზე, ორგანოს ანატომიასა თუ პათოლოგიური პროცესის სიმწვავეზეა დამოკიდებული, თუმცა უმეტესად, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში, სრულიად საკმარისია 3-4 განაკვეთი.
ლაპაროსკოპია, მინიინვაზიური ტექნიკა, ქირურგიული მკურნალობის ოქროს სტანდარტადაა მიჩნეული, რადგან ნაკლებტრავმულია, შესაბამისად, რეაბილიტაციის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს - პაციენტს არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, წოლითი რეჟიმის დაცვა თუ ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა.
ნაკერებიც (ზომიდან გამომდინარე) ადვილად ხორცდება და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულთათვის.
ლაპაროსკოპიული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ჭრილობის დაჩირქება ძალიან იშვიათია, რისკი მინიმალურია.
ლაპაროსკოპიული ოპერაციის ძირითადი უპირატესობებია:
- ნაკლები ტრავმა ეხება მუცლის კედელს;
- ნაკლებია სისხლის დანაკარგი;
- მცირდება სისხლდენის რისკი;
- გაცილებით მცირე ზომისაა ნაწიბურები;
- მცირდება ჭრილობის ინფექციის რისკი;
- პოსტოპერაციული პერიოდი შემცირებულია;
- ოპერაციის შემდეგ პაციენტი მარტივად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს;
- რეაბილიტაციის პროცესში პაციენტს ნაკლებად აწუხებს ტკივილი ჭრილობის არეში;
- იშვიათად რომ პაციენტს დისკომფორტის გამო ტკივილგამაყუჩებელი დასჭირდეს.
სავსებით შესაძლებელია ოპერაციის დასრულების შემდეგ იმავე დღეს გაეწეროთ სახლში ან კლინიკაში მხოლოდ 1 ღამის გატარება მოგიწიოთ - საავადმყოფოში პოსტოპერაციული დაყოვნების მაჩვენებელი დამოკიდებულია კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევაზე, ანუ შესაბამის ოპერაციასა და ორგანიზმის რეაქციაზე.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/treatments/22552-laparoscopic-surgery