თრომბოციტოზი - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის  მეთოდები

თრომბოციტოზი - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

თრომბოციტოზი არის მდგომარეობა რომლის დროსაც ორგანიზმი ჭარბი რაოდენობის თრომბოციტებს წარმოქმნის.

დიაგნოსტირება

ორგანიზმის რუტინული შემოწმებისა თუ ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობის გამოკვლევის დროს სავსებით შესაძლებელია ექიმმა აღმოაჩინოს, რომ ელენთა გადიდებულია ან პაციენტს აქვს ინფექციის, ან სხვა პათოლოგიური პროცესის ნიშნები და სიმპტომები.

მსგავს კლინიკურ შემთხვევაში ექიმი საჭიროდ ჩათვლის დანიშნოს სისხლის სრულყოფილი კვლევა. ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე დგინდება თრომბოციტების რაოდენობა (ანუ მაღალია თუ ნორმაში). გაითვალისწინეთ, არაერთი მდგომარეობის ფონზე შესაძლოა დროებით მოიმატოს თრომბოციტების მაჩვენებელმა, შესაბამისად, მედიკოსი ხელახალ სისხლის ანალიზს დანიშნავს - განმეორებითმა კვლევამ უნდა დაადასტუროს კვლავ მაღალია თუ არა თრომბოციტების მაჩვენებელი.

შესაძლოა დაინიშნოს დამატებითი ანალიზები შემდეგი მდგომარეობების გამოსაკვლევად:

  •  სისხლში რკინის პათოლოგიური დონე;
  •  ანთების მარკერები;
  •  არადიაგნოზირებული კიბო;
  •  თანმხლები გენის მუტაციები.

მკურნალობა

რეაქტიული თრომბოციტოზის მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, კერძოდ:

  •  თუ დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგეთ გადატანილი ქირურგიული ოპერაციისა თუ ტრავმის გამო, სავსებით მოსალოდნელია თრომბოციტების მომატებული რაოდენობა ნორმალურ ნიშნულს დამოუკიდებლად, ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე დაუბრუნდეს;
  •  თუ ავადობთ ქრონიკული ინფექციით ან ანთებითი დაავადებით, თრომბოციტების რაოდენობა მაღალი დარჩება იმ დრომდე, ვიდრე პათოლოგიური პროცესი არ გაკონტროლდება. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში თრომბოციტების რაოდენობა ნორმალურ მაჩვენებელს უბრუნდება, როდესაც გამომწვევი მიზეზი იკურნება;
  •  თუ ჩაგიტარდათ სპლენექტომია (ელენთის ამოკვეთა) სავსებით მოსალოდნელია ქრონიკული თრომბოციტოზი ჩამოყალიბდეს. როგორც წესი, ამის მიუხედავადაც კი, პაციენტი არ საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას.

ესენციური თრომბოციტემია

ამ დიაგნოზის მქონე პირებს, თუ არ აქვთ სიმპტომები და მდგომარეობა სტაბილურია, მკურნალობა არ სჭირდებათ.

თრომბის რისკის მქონე პაციენტებს ექიმი უნიშნავს სპეციალურ სისხლის გამათხელებელ მედიკამენტს - გაითვალისწინეთ მკურნალი მედიკოსის ყველა რეკომენდაცია, დაუშვებელია თვითნებურად წამლის დოზის შეცვლა და სხვა ტიპის ჩარევა.

თრომბოციტების რაოდენობის შემცირების მიზნით, ინიშნება მედიკამენტური თერაპია ან სხვა პროცედურა შემდეგი მდგომარეობების დროს:

  •  ანამნეზში თრომბი და სისხლდენა;
  •  გულის დაავადების რისკი;
  •  პაციენტი 60 წელსაა გადაცილებული.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/thrombocytosis/diagnosis-
treatment/drc-20378319