პოპულარული ქართული სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტი გარშემორტყმულია კავკასიონის მონუმენტური მთათა სისტემითა და მასივებით. გუდაური თბილისიდან ჩრდილოეთით, სულ რაღაც 120 კილომეტრში, 2 საათის სავალ მანძილზე მდებარეობს. ზამთრის სეზონი, დეკემბრის თვიდან, საშუალოდ, აპრილის თვის ბოლომდე გრძელდება. კურორტი ალპურ ზონაშია განთავსებული, შესაბამისად თავისუფალია ტყის მასივებისა და სქელკანიანი მცენარეებისაგან, რაც მოთხილამურეების დამატებით უსაფრთხოებას განაპირობებს. დამსვენებლებს ყოველდღიურად “დოპელმაიერის” (Doppelmayr) 18 საბაგირო ზოლი ემსახურება, რომელსაც საათში 11000 ვიზიტორი გადაჰყავს. გუდაურის ფერდობები ამოუწურავ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა კატეგორიის მოთხილამურეს: ფუნქციონირებს ოთხი სხვადასხვა სირთულის, 26 სასრიალო გზა, რომელთა საერთო სიგრძე 52 კილომეტრს შეადგენს. კურორტზე არსებული სათხილამურო ფერდები იდეალურად ითვლება თავისუფალი სტილით სრიალის (Freeride) მოყვარულთათვის, სადაც თოვლის საფარი საშუალოდ 1-2 მეტრს აღწევს. კურორტის ერთ-ერთ ძირითადი უპირატესობაა Heliski. სამთო-სათხილამურო აქტივობის აღნიშნული სახეობა გუდაურში დაშვებულია, რაც კურორტის მიმართ საერთო ინტერესს საგრძნობლად ზრდის. გუდაური იზიდავს, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მოთხილამურეებს, რადგან ის მსოფლიოში აღიარებული, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ამ სპორტის მოყვარულთათვის. საოცარი ბუნება, მზე, მთები, კლიმატი დაუვიწყარს ხდის გუდაურში გატარებულ დღეებს.