ქობულეთი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარე ქალაქის ტიპის რაიონული ცენტრი გახლავთ. აქ კლიმატი ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკულია. ზამთარი რბილი, უთოვლოა, ზაფხული - ძლიერ თბილი, ნოტიო. ქობულეთის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები გახლავთ ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი. მკურნალობენ თალასოთერაპიით (ჰაერისა და ზღვის აბაზანები), ზღვაში ბანაობა, ზღვის წყლის აბაზანები, ტერენკურით (სამკურნალო, დოზირებული სიარული) და სხვა. ქობულეთში მკურნალობის ჩვენებებია: გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის დაავადებები, შარდ-სასქესო და ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები, გინეკოლოგიური დაავადებები, სისხლის დაავადებები - რკინადეფიციტური ანემია (სისხლნაკლებობით, მძიმე პათოლოგიებით ან პოსტჰემორაგიული ავიტამინოზით გამოწვეული რკინის დეფიციტი), ენდოკრინული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეული დაავადებები, მათ შორის - ენდოკრინული, ალიმენტური და მცირე ფიზიკური აქტივობით გამოწვეული სიმსუქნე, თირეოტოქსიკოზი, მსუბუქი ფორმის და თირეოტოქსიკოზთან დაკავშირებული სხვა დაავადებები, მიქსედემა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევებით გამოწვეული დაავადებები, სახსრებსა და ხერხემალში დისტროფიული ცვლილებები.
ქობულეთის ნაძვნარი ასევე დადებით გავლენას ახდენს დამსვენებელთა ჯანმრთელობასა და განწყობაზე. პატარა საკურორტო ქალაქი, რომელიც პირდაპირ ზღვის ზოლზეა განლაგებული, კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის დასვენების პროცესს. თანამედროვე, ფეშენებელური სასტუმროები და სასტუმრო სახლები სანაპირო ზოლზეა განთავსებული, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მზის აბაზანების და ზღვის მოყვარულთათვის.