კოჯორი თბილისიდან 18 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ზღვის დონიდან 1350 მეტრზე. კურორტს ღირსებებს მატებს გაშლილი ტერიტორია, მცენარეთა სიუხვე, ჰაერის ზომიერი ტენიანობა, მზის რადიაციის დიდი ხანგრძლივობა და ინტენსივობა ჰაერის მუდმივ მოძრაობასთან ერთად. კოჯორი კარგია განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში. აქ ჰაერის ტემპერატურა 6-7 გრადუსით დაბალია დედაქალაქთან შედარებით. კოჯორი ძირითადად საბავშვო კურორტია. კოჯორში (ასპინძა, ბიისი, თეთრი წყლები, კოდიბინი, ნაგუთნი, სადგერი) მკურნალობის ჩვენებებია: ლიმფადენიტები, ქრონიკული ბრონქიტი, პლევრიტი, მეორეული სისხლნაკლულობა, რაქიტი, ბრონქული ასთმა, მალარია და სხვა; უკუჩვენებებია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები დეკომპენსაციის პერიოდში, ტუბერკულოზის ღია ფორმები და ყველა დაავადება, რომლებიც საზოგადოდ უკუნაჩვენებია კურორტზე მკურნალობისთვის.