კომა - დიაგნოსტირება და მკურნალობა

კომა - დიაგნოსტირება და მკურნალობა

როგორ მკურნალობენ კომას?

კომის დროს ცნობიერება დათრგუნულია გარეგან გამღიზიანებლებზე (სინათლე, ხმაური), რეაქცია ან ძლიერ შესუსტებულია, ან სრულიად გამქრალი. ამავდროულად დარღვეულია რეფლექსები, სუნთქვა, გულის მუშაობა, თერმორეგულაცია.

კომის დროს აუცილებელია დროული სამედიცინო ჩარევა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებმა სავსებით შესაძლებელია შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.

 

დიაგნოსტირება

რადგან კომაში მყოფ ადამიანს არ შეუძლია გამოხატოს თუ რა აწუხებს, ექიმი სათანადოდ შეისწავლის ფიზიკურ ნიშნებს, ინფორმაციას შეაგროვებს პაციენტის ოჯახის წევრებისგან თუ მეგობრებისგან.

ექიმს დასჭირდება შემდეგი მონაცემები:

  • რა სიმპტომები უძღოდა წინ კომას, მაგალითად, ხომ არ უჩიოდა პაციენტი თავის ტკივილს ან გულისრევას, ღებინებას;
  •  როგორ დაკარგა პაციენტმა გონება, მაგალითად, უეცრად თუ მდგომარეობა დამძიმდა დროთა განმავლობაში;
  •  ხომ არ შეგიმჩნევიათ თვალშისაცემი, აშკარა სიმპტომები გონების დაკარგვამდე;
  •  პაციენტის სამედიცინო ისტორია, ხომ არ აქვს თანმხლები დაავადებები ან წარსულში გადაიტანა თუ არა ინსულტი, ან გარდამავალი იშემიური შეტევა;
  •  იღებდა თუ არა პაციენტი რომელიმე მედიკამენტს და რატომ;
  •  შეამჩნიეთ თუ არა გარკვეული ცვლილებები პაციენტის ქცევაში, ჯანმრთელობის მდგომარეობაში და სხვა.

გამოკვლევისთვის ექიმი შეისწავლის:

  •  აქვს თუ არა პაციენტს რეფლექსი, რეაქცია მტკივნეულ გამღიზიანებელზე;
  •  კომის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოიკვლევს პაციენტის სუნთქვის უნარს;
  •  შეაფასებს კანის მდგომარეობას;
  •  კომის ჩამოყალიბების მიზეზისა და ტვინის დაზიანების ადგილის დადგენის მიზნით, შეისწავლის თვალის მოძრაობის რეფლექსებს და სხვა.

დიაგნოსტირებისთვის ფიზიკურ გამოკვლევასთან ერთად საჭიროა ლაბორატორიული ანალიზები და ტვინის სკანირება.

მოგეხსენებათ, გლაზგოს სკალა კომის შეფასების ყველაზე გავრცელებული მეთოდია.

მკურნალობა

როგორც უკვე მოგახსენეთ, კომა სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.

მედიკოსები პირველ რიგში შეამოწმებენ პაციენტის სასუნთქ გზებს და შეეცდებიან დაზარალებულს გაუმარტივონ სუნთქვა, შეინარჩუნონ სისხლის სათანადოდ მიმოქცევა.

კომის მკურნალობა კომპლექსურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე; პირველ რიგში აუცილებელია დამაზიანებელი ფაქტორის აღმოფხვრა, სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება.

პაციენტის ცხოვრების წესი კომის შემდეგ

კომის შემდეგ რეკომენდებულია პაციენტისთვის ინდივიდუალურად შეირჩეს სარეაბილიტაციო პროგრამა.

რასაკვირველია, რეაბილიტაციის მიზანი პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სხვადასხვა ფუნქციის აღდგენაა.

რეაბილიტაციის ხანგრძლივობა და შედეგი თითოეულ კლინიკურ შემთხვევაში ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კომის გამომწვევ მიზეზზე, ამასთან, იმაზე თუ რამდენად ადეკვატურად რეაგირებს ორგანიზმი თერაპიის პროგრამაზე.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/coma/diagnosis-treatment/drc-
20371103