რა არის სომატური სიმპტომის აშლილობა?
ეს არის დარღვევა, რომლის გამოც ადამიანი ზედმეტად დარდობს, გადაჭარბებულ ყურადღებას უთმობს ისეთ ფიზიკურ სიმპტომებს როგორიცაა ტკივილი ან დაღლილობა. ეს განცდა იმდენად ძლიერია, რომ ვლინდება სერიოზული ემოციური დისტრესი.
შესაძლოა გქონდეთ ან არ გქონდეთ ამ სიმპტომებთან დაკავშირებული დაავადება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი რეაქცია ნორმად, ჩვეულ მოვლენად არ ითვლება.
როგორც წესი, ამ დარღვევის მქონე პაციენტი ყოველთვის ცუდს მოელის, სიმპტომებს საშიშად თვლის, შესაბამისად, კვირის დიდ ნაწილს დაავადების დიაგნოსტირებაში, ექიმებთან ვიზიტსა და კლინიკაში ატარებს.
მაშინაც კი თუ ექიმი გამორიცხავს სერიოზულ პათოლოგიას, ადამიანი ვერ დუნდება, განაგრძობს მიზეზის ძებნას.
პაციენტი, ფაქტობრივად, ფოკუსირებულია ჯანმრთელობაზე დარდზე და მნიშვნელოვნად უქვეითდება ან სრულებით ვეღარ ფუნქციონირებს ყოველდღიურ საქმიანობაში.
სომატური სიმპტომის აშლილობა არ არის სახუმარო, გამოიხატება ფიზიკური და ემოციური სტრესით, მოითხოვს დროულ და სათანადო მკურნალობას.
დარღვევისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- სპეციფიკური შეგრძნებები, მაგალითად, სუნთქვის უკმარისობა, დაღლილობა, სისუსტე;
- როგორც წესი, სიმპტომები არ არის დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ დაავადებასთან, პათოლოგიასთან;
- პაციენტი უჩივის ერთეულ, ბევრ ან ცვალებად, სხვადასხვა სიმპტომს;
- ყველაზე გავრცელებული ჩივილია ტკივილი.
პაციენტის გადაჭარბებული ფიქრის, გრძნობისა თუ ქცევის მაგალითებია:
- პოტენციურ დაავადებაზე მუდმივი დარდი, ნერვიულობა;
- ნორმალურ ფიზიკურ რეაქციას აღიქვამს როგორც სერიოზული დაავადების სიმპტომს;
- შიში, რომ კლინიკაში არაადეკვატურად უმკურნალეს ან სამედიცინო გამოკვლევები არ იყო დამაჯერებელი;
- შიში, რომ ფიზიკური აქტივობა დაუზიანებს სხეულს;
- ორგანიზმის ხშირი შემოწმება ცვლილებებზე;
- ხშირი ვიზიტი ექიმებთან. თუმცა კონსულტაცია არ ამშვიდებს პაციენტს და შეიძლება ფსიქოლოგიური მდგომარეობა უფრო გაუმწვავდეს;
- უჩვეულო მგრძნობელობა წამლის გვერდით ეფექტებზე და სხვა.
გამომწვევი მიზეზი
სომატური სიმპტომის აშლილობის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
შესაძლო ხელშემწყობი ფაქტორებია:
- გენეტიკა და ბიოლოგიური ფაქტორები;
- პიროვნების პესიმისტური განწყობა;
- ემოციების დამუშავების ან შეგრძნების პრობლემა.
რისკ-ფაქტორებია:
- ანამნეზში შფოთვა ან დეპრესია;
- უკვე გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემა ან გამოჯანმრთელების პროცესში ხართ;
- ხართ რისკ-ჯგუფში, ანუ ოჯახის წევრები რომელიმე დაავადებით ავადობენ და იკვეთება ძლიერი გენეტიკური ფაქტორი;
- გადაიტანეთ ძლიერი სტრესი;
- წარსულში გადაიტანეთ ტრავმა და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/somatic-symptom-
disorder/symptoms-causes/syc-20377776