რა არის პანიკური შეტევა?
პანიკური შეტევა ინტენსიური შიშის, დისკომფორტის ეპიზოდია.
ძლიერი შიშის ფონზე ჩნდება მწვავე ფიზიკური რეაქცია - ეს შეგრძნება ადამიანს მაშინაც კი აწუხებს, როდესაც რეალური საფრთხე არ არსებობს.
პანიკური შეტევის დროს პირი თავს იმდენად ცუდად გრძნობს, რომ ეჩვენება თითქოს გულის შეტევა (ინფარქტი) აქვს, კონტროლი დაკარგა ან უნდა დაიღუპოს.
შეტევის ეპიზოდებს შორის ადამიანი შფოთავს და ნერვიულობს მოსალოდნელი შეტევის გამო, სამწუხაროდ, ეს უსაფუძვლო შიში ზრდის შეტევათა განმეორების ალბათობას.
ეს ფსიქო-ნევროლოგიური დარღვევა მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კარგად ნაცნობია, რადგან ბევრ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ საკუთარ თავზე გამოუცდია; იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც პანიკური შეტევა იშვიათად ჩნდება, როგორც წესი, დისკომფორტი ლაგდება სტრესული მოვლენის დასრულებისთანავე. თუმცა თუ პანიკური შეტევა პერიოდულად გაქვთ და თავს უეცრად, მოულოდნელად გატყდებათ, ამასთან, მუდმივ შიშში ხართ რომ ისევ დაგემართებათ, ამ შემთხვევაში დიაგნოზი პანიკური აშლილობაა.
სიმპტომები
პანიკური შეტევის ნიშნებია:
- მოახლოებული საფრთხის შეგრძნება;
- სიკვდილის ან კონტროლის დაკარგვის შიში;
- აჩქარებული გულისცემა;
- ოფლიანობა;
- კანკალი;
- შინაგანი სიმხურვალე;
- სუნთქვის უკმარისობა;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- მუცლის კრუნჩხვა, სპაზმი;
- გულისრევა;
- თავბრუსხვევა;
- გულის წასვლის შეგრძნება;
- თავის ტკივილი;
- დაბუჟება.
გამომწვევი მიზეზი
ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ხელშემწყობი ფაქტორებია:
- გენეტიკა;
- ძლიერი სტრესი;
- ხასიათი, რომლის გამოც ადამიანი უფრო მეტად მგრძნობიარეა სტრესის, ნეგატიური ემოციების მიმართ;
- ტვინში მიმდინარე გარკვეული ცვლილებები.
პანიკური შეტევა შესაძლოა თან ახლდეს სხვადასხვა ტიპის ფსიქიკურ დარღვევას ან გამოვლინდეს დამოუკიდებლად, ანუ არ ფიქსირდებოდეს რამე ფორმის ფსიქოპათოლოგია.
რისკ-ფაქტორები
გაითვალისწინეთ, პანიკური აშლილობის სიმპტომები ხშირად ჩნდება გვიან თინეიჯერობის ან ადრეული ზრდასრულობის ასაკში. მამაკაცებთან შედარებით პანიკური შეტევები გაცილებით ხშირია ქალებში.
პანიკური აშლილობის ან პანიკური შეტევის განვითარების რისკი მაღალია შემდეგი რისკ-ფაქტორების გამო:
- პანიკური აშლილობით ან პანიკური შეტევით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
- ცხოვრებაში გადატანილი ძლიერი სტრესი, მაგალითად, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება ან ავადმყოფობა;
- ტრავმული მოვლენა;
- ცხოვრების სერიოზული ცვლილება, მაგალითად, განქორწინება;
- თამბაქო და ჭარბი დოზით კოფეინი;
- ბავშვობაში გადატანილი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/panic-attacks/symptoms-
causes/syc-20376021