რა არის შფოთვა?

რა არის შფოთვა?

როდის არის შფოთვა საშიში?

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, იშვიათად, ეს შეგრძნება თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია, მაგალითად, შფოთვა ნორმად ითვლება სამსახურში გასაუბრების დროს, უნივერსიტეტში გამოცდის ჩაბარების წინ და სხვა.

თუმცა ხშირად გამოხატული შფოთვითი დარღვევა საყურადღებოა და სპეციალისტის ჩართვას საჭიროებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე ექმნება როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობას, მნიშვნელოვნად ქვეითდება პაციენტის ცხოვრების ხარისხი.

შფოთვის გამო პირი დაძაბული, განერვიულებული და შეშინებულია სრულიად უწყინარ, უმნიშვნელო ყოფით სიტუაციებშიც კი.

შფოთვის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს არაერთი რისკ-ფაქტორი და მათ შორის სტრესი, ტრავმა, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მემკვიდრული ფაქტორი.

არ გამოგეპაროთ სიმპტომები
შფოთვითი აშლილობის სხვადასხვა ტიპი არსებობს - სავსებით შესაძლებელია გქონდეთ ერთზე მეტი დარღვევა.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ძირითად, საერთო სიმპტომს, რომელიც არ უნდა გამოგეპაროთ.

ზედმეტი მღელვარება, ნერვიულობა

მღელვარება, მოუსვენრობა, ფაქტობრივად, მთლიანად იპყრობს ადამიანის გონებას და ეს შეგრძნება იმდენად ძლიერია პიროვნებას უჭირს საქმეზე კონცენტრირება, ყოველდღიური საქმეების მართვა.

აგზნება, აგიტაცია

როდესაც ვშფოთავთ, ჩვენი ნერვული სისტემა ზედმეტი დატვირთვით მუშაობს, რაც ფიზიკურ სიმპტომებში გამოიხატება, მაგალითად, ვლინდება შემდეგი ნიშნები: აჩქარებული გულისცემა, ხელების ოფლიანობა და კანკალი, პირის ღრუს სიმშრალე.

ტვინი ფიქრობს, რომ საფრთხე შენიშნა და ორგანიზმს მზადყოფნისკენ, რეაგირებისკენ მოუწოდებს. შფოთვითი აშლილობისას ეს ეფექტი გაცილებით ხანგრძლივი დროით რჩება - ადამიანი იძულებულია გაუმკლავდეს ორგანიზმში გამოვლენილ ცვლილებებს დიდი ხნის მანძილზე და მაშინაც კი, როდესაც საფრთხე აღარ არსებობს.

ხშირი მოუსვენრობა

შფოთვითი დარღვევის ეს ფორმა განსაკუთრებით ხშირია ბავშვებსა და თინეიჯერებში.

ფსიქოლოგების განმარტებით, ეს სიმპტომი ერთ-ერთი გამაფრთხილებელი ნიშანია, რომელიც ბავშვებში შფოთვის დიაგნოზს ადასტურებს.

დაღლილობა

შეიძლება ეს სიმპტომი ბევრ ადამიანს გაუკვირდეს, რადგან როგორც წესი, საზოგადოებაში შფოთვა ჰიპერაქტიურობასთან ასოცირდება, თუმცა დაღლილობა ძალიან გავრცელებული ნიშანია.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დაღლილობა შესაძლოა თან ახლდეს შფოთვით შეტევას, მაგრამ სხვა პაციენტებში სავსებით შესაძლებელია ქრონიკულ სიმპტომს წარმოადგენდეს.

დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა დაღლილობა შფოთვის ნიშანია თუ სხვა სიმპტომების (უძილობა, კუნთის დაჭიმვა, ნერვიულობა) შედეგად ჩამოყალიბებული პრობლემა.

ამასთან, დაღლილობა დეპრესიის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია.

კონცენტრაციის პრობლემა

შფოთვითი აშლილობის მქონე პირებში ხშირად ვლინდება კონცენტრაციის პრობლემა.

რაც უფრო მწვავე ფორმით მიმდინარეობს შფოთვა, მით უფრო მეტად უჭირთ პაციენტებს საკითხზე კონცენტრირება.

გაღიზიანება

შფოთვითი აშლილობების კიდევ ერთი სიმპტომი ძლიერი გაღიზიანებადობაა. ამ სიმპტომისას პიროვნება მუდმივად მზადაა კონფლიქტში ჩასართავად ან მის მიერ აღქმადი საფრთხისგან გასარიდებლად.

კუნთების დაჭიმულობა

შფოთვითი აშლილობის მქონე პირები კუნთების დაჭიმულობას ხშირად უჩივიან.

შესაძლოა მიზეზი იყოს კუნთებისკენ სისხლის ნაკადის მიწოლა ან შფოთვისას დაძაბულობის, დაჭიმულობის გაძლიერება, ან უკვე დაჭიმული კუნთის გამო შფოთვის გამწვავება.

პაციენტები ადასტურებენ, რომ კუნთის სარელაქსაციო თერაპია ეფექტურად ამცირებს შფოთვის დონეს.

ძილთან დაკავშირებული პრობლემები

ცნობილია, რომ შფოთვის ფონზე ადამიანებს აწუხებთ უძილობა. უმეტესად, უჭირთ დაძინება და ეღვიძებათ შუაღამისას.

არავინ იცის უძილობა იწვევს შფოთვას თუ უშუალოდ შფოთვის გამო აწუხებს ადამიანს ძილთან დაკავშირებული პრობლემები.

პანიკური შეტევები

შფოთვითი აშლილობის სხვადასხვა ფორმისას, როგორც წესი, ვლინდება პანიკური შეტევა, თუმცა განსაკუთრებით ხშირია პანიკური დარღვევების დროს.

შიშის ძლიერ შეგრძნებას თან ახლავს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, აჩქარებული გულისცემა, კანკალი, სუნთქვის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება, ოფლიანობა, გულისრევა.

სოციალური აქტივობებისგან თავის არიდება

ამ დროს ადამიანს იპყრობს შიში, რომ სხვები გააკრიტიკებენ, განსჯიან, საზოგადოებაში ყოფნისას შერცხვება, თანატოლები დაამცირებენ და სხვა.

სოციალური შფოთვითი აშლილობისას პიროვნება შეძლებისდაგვარად ერიდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, შესაბამისად, ნაკლებადაა ჩართული სხვადასხვა ტიპის სოციალურ აქტივობაში.

ამ ტიპის შფოთვის დროს ადამიანი ძალიან მორცხვია და თითქმის არაფერს ამბობს, ჩუმად ყოფნას ამჯობინებს ახალგაცნობილებთან ურთიერთობისას.

დიახ, შეიძლება გარეგნულად არაფერი ეტყობოდეს, თუმცა შინაგანად მშვიდად არ არის, ერთდროულად ებრძვის შიშსა და მღელვარებას.

სპეციფიკური ფობიები

ფობია არის სპეციფიკური საგნის, სიტუაციის უკიდურესი შიში, რომელიც ორგანიზმში შფოთვას იწვევს. ფობია მრავალფეროვანია, თუმცა ადამიანებს ყველაზე ხშირად ეშინიათ ობობების, დახურული სივრცეების, სიმაღლის და სხვა.

წყარო:
https://addictionrehabtreatment.com/mental-health/anxiety/signs-and-symptoms-
of-anxiety/