ყავა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია.
ბევრი ადამიანის დილა სწორედ გემრიელი ყავით იწყება, რადგან კოფეინი, ბუნებრივი მატონიზირებელი საშუალება, ასტიმულირებს ტვინის ნერვულ უჯრედებს, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებასა და ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას.
შეიძლება გაგიკვირდეთ, თუმცა ზოგიერთ ადამიანს ყავის მარცვალზე ალერგია აქვს და საკმაოდ მწვავე დისკომფორტსაც განიცდის.
აღსანიშნავია, რომ სავსებით შესაძლებელია გქონდეთ მგრძნობელობა კოფეინზე და არა ყავის ალერგია. გარკვეული სიმპტომებით შეძლებთ ამ ორი მდგომარეობის ერთმანეთისგან განსხვავებას.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ყავის მიღების შემდეგ ალერგიული რეაქციის განვითარება ძალიან იშვიათია.
ყავის მარცვალზე ალერგიული რეაქციის მიზეზია იმუნური სისტემა, რომელიც ყავის უჯრედში არსებულ ნივთიერებას ორგანიზმისთვის საფრთხედ აღიქვამს, შესაბამისად, ჩნდება ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც. იმუნური სისტემა ყავას ისევე ებრძვის როგორც რეაგირებს ბაქტერიისა და ვირუსის შემთხვევაში.
ალერგია ყავაზე - სიმპტომები
თუ საქმე ნამდვილად გვაქვს ყავის ალერგიასთან, ამ სასმელის მიღებიდან პირველ საათებში გამოვლინდება სერიოზული სიმპტომები. ალერგიის ნიშნები მოიცავს სხეულის ბევრ არეს და სიმპტომატიკა მწვავდება დროთა განმავლობაში.
ყავაზე ალერგიული რეაქციის სიმპტომებია:
- ალერგიული, არახანგრძლივი გამონაყარი კანზე;
- გულისრევა და ღებინება;
- ყლაპვის გაძნელება;
- სუნთქვის უკმარისობა;
- ხრიალით ხველა;
- კუჭის კრუნჩხვა ან სპაზმი მუცლის არეში;
- დიარეა;
- კანზე ფერი მკრთალდება;
- სუსტი პულსი ან სისხლის წნევის უეცარი ვარდნა;
- თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა.
მწვავე ალერგიული რეაქციის დროს სავსებით მოსალოდნელია განვითარდეს ანაფილაქსია.
მგრძნობელობა ყავაზე
ბევრ ადამიანს რეალურად აქვს მგრძნობელობა ყავაზე და ჰგონია ალერგიით ავადობს.
რასაკვირველია, ყავის მიმართ მომატებული მგრძნობელობის ფონზე ვლინდება უსიამოვნო სიმპტომები, თუმცა ალერგიის მსგავსად სიცოცხლისთვის საშიში ნიშნებით არ გამოიხატება.
ყავის მიმართ მგრძნობელობის სიმპტომებია:
- მოუსვენრობა;
- გაღიზიანება;
- შფოთვა ან ნევროზი;
- ძილთან დაკავშირებული პრობლემები ან უძილობა;
- კუჭის პრობლემები;
- მუცლის სპაზმი;
- აჩქარებული გულისცემა ან სისხლის წნევის აწევა;
- უნებლიე კუნთის სპაზმი.
გაითვალისწინეთ, მგრძნობელობით გამოწვეული სიმპტომები ალაგდება თუ ყავას აღარ დალევთ. ამასთან, ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა ეგონოს რომ ალერგია აქვს, თუმცა სიმპტომები სავსებით შესაძლებელია გამოწვეული იყოს დიდი რაოდენობით ყავის მიღების გამო.
თუ ყავაზე გაქვთ რეაქცია გირჩევთ მოერიდოთ ყავის მარცვლებით მომზადებულ სხვადასხვა ტიპის სასმელს, საკვებს.
თუ ორგანიზმი ცუდად რეაგირებს კოფეინზე, შეზღუდეთ კოფეინის შემცველი როგორც სასმელი, ისე პროდუქტი (ყავა, შავი, მწვანე და თეთრი ჩაი, ენერგეტიკული სასმელები, ზოგიერთი გაზიანი და ტკბილი სასმელი, კაკაო, შოკოლადი).