როგორ დავეხმაროთ ქალს, რომელსაც მშობიარობის  შემდგომი დეპრესია აქვს?

როგორ დავეხმაროთ ქალს, რომელსაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია აქვს?

ოჯახში პატარა ადამიანის შემობრძანება ძლიერ ემოციებს იწვევს.

ბავშვის დაბადება დიდი ბედნიერებაა, თუმცა სიხარულთან ერთად სავსებით შესაძლებელია შეამჩნიოთ შფოთვა, შიში, თავი იჩინოს დეპრესიამაც კი.

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომები შესაძლოა იყოს მსუბუქი, საშუალო ან მძიმე.

დეპრესიის ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს თამაშობს როგორც ფიზიკური, ისე ემოციური ფაქტორები.

ყველა ქალის ორგანიზმი ინდივიდუალურია, შესაბამისად, არ მოგერიდოთ ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი!

თუ თავად ყოველგვარი გვერდითი მოვლენის გარეშე გადაიტანეთ ორსულობის პერიოდი, მშობიარობა ან მშობიარობის შემდგომი ეტაპი, გთხოვთ, თქვენს პირად გამოცდილებას თავზე ნუ მოახვევთ დედას, რომელსაც სავსებით შესაძლებელია ისედაც ეუხერხულებოდეს, ან სწორედ შენიშვნების შიშით ერიდებოდეს ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი.

გახსოვდეთ, მშობიარობის შემდგომი დეპრესია შეიძლება გქონდეთ როგორც პირველ მშობიარობაზე, ისე რამდენიმე ბავშვის გაჩენის შემდეგაც კი.

დეპრესიის გამო ქალს აქვს ტირილის ძლიერი სურვილი, უჭირს ჩვილთან ურთიერთობა, ერიდება ოჯახის წევრებს და აღარც მეგობრებთან ურთიერთობის სურვილი აქვს, უჩივის დაღლილობას, გაღიზიანებული და გაბრაზებულია, ეუფლება განცდა თითქოს ცუდი დედაა, იტანჯება სირცხვილითა და დანაშაულის შეგრძნებით, აქვს პანიკური შეტევები და სხვა სიმპტომები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგჯერ ეს სიმპტომები შეუმჩნეველი რჩება გარშემომყოფებისთვის, შესაბამისად, ვერ ხვდება თუნდაც პარტნიორი დახმარება რომ გჭირდებათ. სწორედ ამიტომ თუ შეამჩნიეთ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ნიშნები არ მოგერიდოთ უთხრათ ახლობლებს და დროულად მიმართეთ ექიმს. სანერვიულო არაფერია, რადგან დროული მკურნალობით ნებისმიერი უსიამოვნო სიმპტომი გაქრება - თანამედროვე მედიცინას თქვენი დახმარება შეუძლია.

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მკურნალობისთვის მოწოდებულია ფსიქოთერაპია, მედიკამენტებით მკურნალობა ან ორივე მეთოდი ერთად.

ცხოვრების წესი და თვითმკურნალობა
როგორც უკვე მოგახსენეთ, თქვენს ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს ექიმმა, თუმცა პროფესიონალურ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია დაიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი, შეიქმნათ გარემო, რომელიც გამოჯანმრთელების პროცესს დააჩქარებს.

რეკომენდებულია:

  •  ფიზიკური აქტივობა. გაასეირნეთ ჩვილი სუფთა ჰაერზე, ყოველდღიურად დაკავდით სხვა ფორმის ვარჯიშითაც;
  •  შეეცადეთ დაისვენოთ, მოდუნდეთ;
  •  არ დალიოთ ალკოჰოლი;
  •  მიირთვით ჯანსაღი პროდუქტები;
  •  არ გადაიტვირთოთ თავი, მაგალითად, ზოგიერთი საქმე გადადეთ ხვალისთვის;
  •  გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, გადით სახლიდან, გამოიცვალეთ გარემო. სთხოვეთ პარტნიორს ცოტა ხნით მიხედოს პატარას, დაიხმარეთ ოჯახის წევრი ან დაიქირავეთ ძიძა - გარკვეული დრო დაუთმეთ საყვარელ საქმეს, შეძლებისდაგვარად გაერთეთ. შეგიძლიათ დაგეგმოთ საღამო, რომელსაც გაატარებთ პარტნიორთან ან მეგობრებთან ერთად;
  •  არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, მოერიდეთ იზოლაციას. ესაუბრეთ პარტნიორს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს იმაზე თუ რას გრძნობთ. სთხოვეთ სხვა დედებს გაგიზიარონ გამოცდილება;
  •  ითხოვეთ დახმარება. ახლობელ ადამიანს უთხარით დახმარება რომ გჭირდებათ. თუ ადამიანმა, რომელსაც ენდობით, შემოგთავაზათ ჩვილის მიხედვა უარს ნუ ეტყვით. ამ დროს შეგიძლიათ დაიძინოთ ან თუნდაც
  • საყვარელ გადაცემას უყუროთ, განიტვირთოთ.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/postpartum-
depression/diagnosis-treatment/drc-20376623