თავის ტკივილი

თავის ტკივილი

თავის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია.

ეს დისკომფორტი მინიმუმ ერთხელ, ცხოვრებაში თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია.

ტკივილი ჩნდება თავის ნებისმიერ არეში. ტკივილს შესაძლოა უჩიოდეთ როგორც ერთ, ისე ორივე მხარეს, გამოხატული იყოს ერთ კონკრეტულ წერტილში ან ვრცელდებოდეს.

გამოხატულია როგორც ბასრი, მწველი, ისე ყრუ ტკივილით, შესაძლოა ერთგვარ ფეთქვად პულსაციასაც გრძნობდეთ. შესაძლებელია თავის ტკივილი უეცრად აღმოცენდეს და ერთ საათსაც არ გასტანოს ან რამდენიმე დღე ქრონიკულადაც კი
გაწუხებდეთ.

თავის ტკივილს იწვევს ნერვული დაბოლოებების (ე.წ. რეცეპტორები) გაღიზიანება, რომელიც მოთავსებულია თავის ქალას შიგნით და გარეთ. გაღიზიანების შემდეგ ეს რეცეპტორები ნერვული ბოჭკოების გავლით აგზავნის სიგნალს თავის ტვინში, სადაც ხდება ინფორმაციის გადამუშავება - ჯაჭვური რეაქციის ფინალი ტკივილის შეგრძნებაა.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში თავის ტკივილი ფარული პათოლოგიის ან ორგანიზმზე მავნე ზემოქმედების სიმპტომია - აუცილებელია დროული დიაგნოსტირება, შესაბამისი მკურნალობის კურსი.

ექიმები ერთმანეთისგან განასხვავებენ პირველად და მეორეულ თავის ტკივილს.

პირველადი თავის ტკივილი

პირველადი თავის ტკივილი უშუალოდ დაავადება, ავადმყოფობაა და არ არის გამოწვეული თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანებით.

ამ ტიპის თავის ტკივილის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტვინში მიმდინარე ქიმიური აქტივობა, თავის ქალის გარშემო მდებარე ნერვები და სისხლძარღვები, თავისა და კისრის კუნთები (ან ამ ფაქტორთა კომბინაცია).

ზოგიერთ შემთხვევაში საყურადღებოა გენეტიკური ფაქტორი, რადგან ზოგჯერ ადამიანი პირველადი თავის ტკივილის მატარებელ გენს მემკვიდრეობით იღებს.

ყველაზე გავრცელებული პირველადი თავის ტკივილია:

  •  კლასტერული თავის ტკივილი;
  •  შაკიკი;
  •  შაკიკი აურით;
  •  დაძაბულობის თავის ტკივილი;
  •  სამწვერა ნერვის ავტონომიური თავის ტკივილი.

ზოგიერთი პირველადი თავის ტკივილი შესაძლოა განვითარდეს ცხოვრების სტილის ფონზე, მაგალითად, ხელშემწყობი ფაქტორებია:

  •  ალკოჰოლი;
  •  ზოგიერთი პროდუქტი;
  •  უძილობა, ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
  •  სხეულის ცუდი პოზა;
  •  სტრესი;
  •  თავის ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს ისიც, რომ არ მიირთვით საკვები.

მეორეული თავის ტკივილი

მეორეული თავის ტკივილი უშუალოდ დაავადების სიმპტომია.

ამ ფორმის თავის ტკივილის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  •  მწვავე სინუსიტი;
  •  სისხლის შენადედი;
  •  ტვინის ანევრიზმა;
  •  ტვინის სიმსივნე;
  •  მხუთავი აირით მოწამვლა;
  •  ტვინის შერყევა;
  •  კორონავირუსი;
  •  გაუწყლოება;
  •  კბილის პრობლემები;
  •  ყურის ინფექცია;
  •  ენცეფალიტი;
  •  გლაუკომა;
  •  ნაბახუსევი;
  •  მაღალი არტერიული წნევა;
  •  გრიპი;
  •  ინტრაკრანიალური ჰემატომა;
  •  ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
  •  მენინგიტი;
  •  ტკივილგამაყუჩებლის ჭარბი დოზით, ხშირად მოხმარება;
  •  პანიკური შეტევა;
  •  მჭიდროდ მოჭერილი ქუდი ან სხვა თავსამკაული;
  •  ინსულტი;
  •  ტოქსოპლაზმოზი;
  •  სამწვერა ნევრალგია და სხვა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/headache/basics/causes/sym-20050800