დამწვრობა ქსოვილის დაზიანებაა.
მიზეზი შეიძლება იყოს მზე ან სხვა რადიაცია, ელექტრობასთან თუ ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი და სხვა.
დამწვრობა შესაძლოა იყოს მსუბუქი ან სიცოცხლისთვის საშიში, შესაბამისად, საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაზიანების ხარისხსა და მდებარეობაზე. მაგალითად, როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში რუჯით მიღებული დამწვრობა ეფექტურად ექვემდებარება თვითმკურნალობას, ხოლო
ღრმა ან ფართოდ გავრცელებული დამწვრობა უნდა მართოს ექიმმა. ზოგიერთი პაციენტი დამწვრობის ცენტრში ჰოსპიტალიზირებას საჭიროებს, შესაბამისად,მწვავე დამწვრობის დროს მხოლოდ მედიკოსის რეკომენდაციით უნდა
იხელმძღვანელოთ.
სიმპტომები და დამწვრობის ხარისხი
სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე თუ კანზე რამდენად ღრმა დაზიანებაა. შეიძლება გაგიკვირდეთ, თუმცა მწვავე დამწვრობის დროს სიმპტომები მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ჩნდება.
პირველი ხარისხის დამწვრობა - მსუბუქი (უმნიშვნელო) დამწვრობაა და მხოლოდ კანის გარეთა შრეს აზიანებს. პაციენტი უჩივის ტკივილს და კანი შეწითლებულია.
მეორე ხარისხის დამწვრობა - ამ ტიპის დამწვრობა აზიანებს როგორც გარეთა შრეს, ისე კანის მეორე ფენას. მეორე ხარისხის დამწვრობისას ჩნდება შეშუპება და სიწითლე, კანს აქვს თეთრი შეფერილობა ან ერთგვარი ლაქები. სავსებით შესაძლებელია ბუშტუკოვანი მუწუკები განვითარდეს. პაციენტი უჩივის ძლიერ ტკივილს. ღრმა მეორე ხარისხის დამწვრობის შემდეგ შესაძლოა გაჩნდეს ნაწიბურები.
მესამე ხარისხის დამწვრობა - ზიანდება კანის ცხიმოვანი შრე. დამწვარი ადგილი შესაძლოა იყოს შავი, ყავისფერი ან თეთრი ფერის. პაციენტის კანი ტყავს მოგაგონებთ. მესამე ხარისხის დამწვრობამ შესაძლოა დააზიანოს ნერვები, გამოიწვიოს დაბუჟება/გაშეშება.
როდის მივმართოთ ექიმს?
გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, პაციენტი გადაიყვანეთ
- კლინიკაში შემდეგი სიმპტომების დროს:
- დამწვრობა ვრცელდება სახეზე, ტერფზე, ხელებზე, საზარდულის არეზე, დუნდულებზე, მთავარ სახსრებზე ან სხეულის დიდ არეზე;
- სახეზეა ღრმა დამწვრობა, ანუ დაზიანებულია კანის ყველა ფენა ან თუნდაც ღრმა ქსოვილები;
- დამწვრობის შედეგად პაციენტის კანს აქვს ტყავის ეფექტი;
- თითქოს კანი დანახშირდა ან გაჩნდა შავი, ყავისფერი თუ თეთრი ლაქები;
- დამწვრობა გამოწვეულია ელექტროობით ან ქიმიური ნივთიერებებით;
- პაციენტმა დამწვრობა მიიღო სასუნთქ გზებზე ან უჭირს სუნთქვა.
დაუკავშირდით ექიმს შემდეგი სიმპტომების დროს:
- შენიშნეთ ინფექციის ნიშნები;
- დამწვრობა ან ბუშტუკოვანი მუწუკი დიდი ზომისაა, ან 2 კვირაში არ ალაგდა;
- გამოვლინდა ახალი სიმპტომები, რომელსაც ვერაფერს უკავშირებთ;
- ჩამოყალიბდა ნაწიბურები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/burns/symptoms-causes/syc-
20370539