რა არის ბიპოლარული აშლილობა?
ბიპოლარული აშლილობა (წლების წინ ცნობილი იყო მანიაკალური დეპრესიის სახელწოდებითაც) მენტალური დარღვევაა, რომელიც იწვევს განწყობის ექსტრემალურ ცვლილებას (მანია ან ჰიპომანია და დეპრესია).
პაციენტს ბიპოლარული აშლილობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში აქვს, თუმცა განწყობისა და სხვა სიმპტომების მართვა შესაძლებელია.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მკურნალობის კურსი მოიცავს მედიკამენტებსა და ფსიქოთერაპიას.
დაავადება ნებისმიერ ასაკში ყალიბდება, თუმცა როგორც წესი, დიაგნოსტირდება თინეიჯერობის პერიოდში ან 20 წელს გადაცილებულ ახალგაზრდა პირებში.
მანია და ჰიპომანია ორი განსხვავებული ტიპის ეპიზოდებია, თუმცა მსგავსი სიმპტომებით მიმდინარეობს. ჰიპომანიასთან შედარებით მანია უფრო მწვავეა, რომლის გამოც პაციენტს ხშირად ექმნება პრობლემები სამსახურში, სკოლაში, უჭირს სოციალურ აქტივობებში ჩართვა, შესამჩნევია ურთიერთობის სირთულე. მანიის გამო მნიშვნელოვნად იზრდება ფსიქოზის რისკი, შესაბამისად, დგება პაციენტის ჰოსპიტალში მოთავსების საკითხი.
მანიაკალური და ჰიპომანიაკალური ეპიზოდების სიმპტომებია:
- არანორმალური მხიარულება, აღელვება;
- მომატებული ენერგია, აქტივობა;
- ეიფორია;
- ქვეითდება დაძინების სურვილი;
- პაციენტი უჩვეულოდ ბევრს საუბრობს;
- ყურადღების გაფანტვა.
დეპრესიული ეპიზოდის სიმპტომებია:
- დეპრესიული განწყობა;
- პაციენტი კარგავს ინტერესს ნებისმიერი საქმიანობის მიმართ;
- წონის კლება, წონის მატება ან მადის დაქვეითება, ან მომატება;
- პაციენტს ან უძილობა აწუხებს, ან რეკომენდებულზე დიდი ხნით სძინავს;
- მოუსვენრობა ან შენელებული ქცევა;
- დაღლილობა;
- მსჯელობის ან კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.
ბიპოლარული აშლილობის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, კერძოდ:
- ტვინში ცვლილება;
- გენეტიკა.
საყურადღებო რისკ-ფაქტორებია:
- ოჯახური ანამნეზი (როდესაც ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი აქვთ პირველი ხარისხის ნათესავებს, ანუ მშობლებსა და დედმამიშვილებს);
- ძლიერი ემოციური სტრესი;
- ჭარბი დოზით ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მოხმარება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bipolar-disorder/symptoms-causes/syc-20355955