რა არის ოსტეომიელიტი?
ოსტეომიელიტი ძვლის ინფექციაა. ძვალში ინფექცია ვრცელდება სისხლის მიმოქცევის სისტემიდან ან ახლომდებარე ქსოვილებიდან. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ოსტეომიელიტი ყალიბდება უშუალოდ ძვლიდან, ტრავმის/დაზიანების გამო.
ძვლის ინფექციის რისკ-ჯგუფში შედიან მწეველები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
წლების წინ ოსტეომიელიტის მკურნალობის მეთოდები არ არსებობდა, თუმცა დღეს პათოლოგიური პროცესის მართვა შესაძლებელია.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში საჭიროა ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც ქირურგს მკვდარი ძვლის ქსოვილი ამოაქვს. ოპერაციის შემდეგ ინიშნება ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია.
სიმპტომები
ზოგჯერ ძვლის ინფექცია უსიმპტომოდ პროგრესირებს ან ისეთი ნიშნებით ვლინდება, რომ ძალიან რთულია ჯანმრთელობის სხვა პრობლემისგან განასხვავო. ასეთი შემთხვევები ხშირია ჩვილებში, ხანდაზმულებში ან იმ პაციენტებში, ვისაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ.
ოსტეომიელიტის სიმპტომებია:
- სიცხე;
- შეშუპება, სითბო და სიწითლე ინფექციის არეში;
- ტკივილი ინფექციის უბანში;
- დაღლილობა.
გამომწვევი მიზეზი
უმეტესად ოსტეომიელიტის გამომწვევია სტაფილოკოკის ბაქტერია.
მიკრობი ძვალში სხვადასხვა საშუალებით ვრცელდება, კერძოდ:
- სისხლით;
- ტრავმის შედეგად (ღრმა ჭრილობიდან ბაქტერიის ორგანიზმში შეჭრის რისკი მაღალია. როდესაც დაზიანებულ უბანში ინფექცია ვრცელდება, მიკრობი ახლომდებარე ძვალში მარტივად ხვდება);
- ქირურგიული ოპერაციის დროს (ბაქტერიით პირდაპირი გზით ინფიცირება შესაძლოა მოხდეს ქირურგიული ჩარევისას, როდესაც ქირურგი ანაცვლებს სახსრებს ან აღადგენს მოტეხილობებს).
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/osteomyelitis/symptoms-causes/syc-20375913