რა არის მელანომა?
მელანომა ყველაზე აგრესიული კანის კიბოა, რომელიც ყალიბდება მელანინის გამოსამუშავებელ უჯრედებში. მელანინი პიგმენტია, რომელიც კანს შეფერილობას აძლევს.
მელანომა შესაძლოა განვითარდეს თვალზე და ძალიან იშვიათად, თუმცა შესაძლებელია ჩამოყალიბდეს უშუალოდ ორგანიზმშიც (ცხვირში ან ყელში).
სამწუხაროდ, დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მეცნიერთა აზრით, კანის კიბოს განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ან სოლარიუმის გამო.
სამწუხაროდ, 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალებში მელანომის განვითარების რისკი იზრდება.
გახსოვდეთ, ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობის კურსი გაცილებით ეფექტურია.
სიმპტომები
მელანომა სხეულის ნებისმიერ არეზე ყალიბდება, თუმცა განსაკუთრებით ხშირია მზის სხივების ხანგრძლივი ზეგავლენის ქვეშ მყოფ ადგილებში (ზურგი, ფეხები, მხარი და სახე).
ამასთან, კანის კიბო სავსებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ისეთ არეში, სადაც მზე ვერ ხვდება (ტერფი, ხელის გული, ფრჩხილი); სხეულის ამ ადგილებში დაავადება უფრო მეტად ხშირია მუქი კანის მქონე ადამიანებში.
მელანომის პირველი ნიშნები და სიმპტომებია:
- მანამდე არსებული ხალის ცვლილება;
- ახალი პიგმენტურის ჩამოყალიბება ან უჩვეულო ვიზუალის წანაზარდის გაჩენა კანზე.
უჩვეულო ხალი, რომელიც შესაძლოა მელანომაზე მიუთითებდეს
საყურადღებოა შემდეგი:
- ასიმეტრიული ფორმა;
- არარეგულარული საზღვრები;
- შეიცვალა ფერი;
- 6 მილიმეტრზე მეტი დიამეტრის;
- სხვა ცვლილებები (ხალმა გამოავლინა უჩვეულო სიმპტომები, მაგალითად, სისხლდენა ან ქავილი).
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ ნებისმიერი ცვლილება კანზე.
გამომწვევი მიზეზი
მელანომა ჩნდება მაშინ, როდესაც მელანინის წარმომქმნელ უჯრედებში ირღვევა ნორმალური ზრდა-განვითარების პროცესი. მაგალითად, ზოგიერთი უჯრედის დნმ ზიანდება და ახალი უჯრედი უკონტროლოდ ზრდას განაგრძობს, რაც საბოლოოდ სიმსივნური უჯრედების ფორმირებას იწვევს.
კანის უჯრედებში დნმ-ის დაზიანების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ონკოლოგთა აზრით, დაავადების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს გარემოსა და გენეტიკური ფაქტორების კომბინაცია.
ექიმების აზრით, მზის ულტრაიისფერი სხივები ან სოლარიუმი მელანომის მთავარი გამომწვევი მიზეზია.
რისკ-ფაქტორებია:
- ფერმკრთალი კანი;
- კანის ძლიერი დამწვრობა;
- ჭარბი დოზით ულტრაიისფერი გამოსხივება;
- 50-ზე მეტი ჩვეულებრივი ხალი;
- უჩვეულო ვიზუალის ხალი;
- მელანომათი ავადობის ოჯახური ანამნეზი;
- სუსტი იმუნური სისტემა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/melanoma/symptoms-causes/syc-20374884