რა არის ფლორენციის სინდრომი?
სტენდალის სინდრომი, ანუ ფლორენციის სინდრომი ფსიქოსომატური მდგომარეობაა, რომელიც ხშირად ვლინდება იმ ტურისტებში, რომლებიც უმშვენიერეს ფლორენციას სტუმრობენ.
ეს სინდრომი ყალიბდება მაშინ, როდესაც პიროვნება ხელოვნების ზემოქმედების არეში ხვდება ან ისეთ ადგილზე იმყოფება, სადაც ხელოვნების ნიმუშების დიდი რაოდენობაა თავმოყრილი.
სტენდალის სინდრომისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- გულისცემის აჩქარება;
- თავბრუსხვევა;
- ოფლიანობა;
- დეზორიენტაცია;
- დაბნეულობა;
- გულის წასვლის შეგრძნება;
- ჰალუცინაცია.
ამ სინდრომს სახელი უწოდეს ფრანგი მწერლის სტენდალის პატივსაცემად - მან საკუთარ წიგნში ფლორენციაში მოგზაურობისას განცდილი შეგრძნება აღწერა.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში სინდრომთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო და სამედიცინო კონფერენციებს ამ თემასთან დაკავშირებით ცხარე დებატებიც ახსოვს. თუმცა ერთი რამ ფაქტია - ეს ჯადოსნური ქალაქი ზოგიერთ ტურისტზე იმდენად ძლიერ ემოციურ გავლენას ახდენს, რომ ორგანიზმში გარკვეული სიმპტომები ვლინდება.
სინდრომს ოფიციალური სახელწოდება მიენიჭა 1979 წელს, თუმცა ფლორენციის ზოგიერთი სტუმარი ამ სიმპტომებს დღესაც განიცდის.
1979 წელს ექიმი გრაციელა მაგერინი ფლორენციაში მდებარე სანტა მარია ნუოვას საავადმყოფოში ფსიქიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნეს.
ექიმმა 100-ზე მეტი ტურისტის კლინიკური შემთხვევა შეისწავლა - ყველა პაციენტი კლინიკაში ჰოსპიტალიზირდა მას შემდეგ, რაც ამ ჯადოსნურ ქალაქში ცნობილი ხელოვნების ნიმუშები იხილა.
გრაციელამ წიგნი დაბეჭდა, სადაც ყურადღება სიმპტომებზე იყო გამახვილებული; ექიმი წერდა, რომ ტურისტებმა განიცადეს ფსიქოსომატური მდგომარეობისთვის დამახასიათებელი რიგი სიმპტომები, მაგალითად, შფოთვა, პანიკური შეტევა, ჰალუცინაციები, ფსიქოზური ეპიზოდები. მაგერინი მიუთითებს, რომ ეს პაციენტები იყვნენ სენსიტიური, ემოციური ადამიანები.
მოგეხსენებათ, ფლორენცია ქალაქი მუზეუმია და ყოველ ნაბიჯზე შედევრების გამოფენაა, ხოლო ტურისტები ცდილობენ რაც შეიძლება მცირე დროში შეძლონ ყველა ნამუშევრის ნახვა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი ტურისტი მოგზაურობის გამო მარტივად იღლება და სხვა ქვეყანაში ყოფნის დროს ძილთან დაკავშირებული პრობლემა ხშირად იჩენს თავს.
სტენდალის სინდრომმა მსოფლიო პრესის ყურადღება რამდენიმე წლის წინ კიდევ ერთხელ მიიპყრო, კერძოდ, უფიცის გალერეაში სტუმრობისას ბოტიჩელის შედევრების დათვალიერების შემდეგ ტურისტმა გულის შეტევა (ინფარქტი) მიიღო.
ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, ხელოვნების ნიმუშმა სავსებით შესაძლებელია სენსიტიური ადამიანის ორგანიზმში ქვეცნობიერის, შეგრძნებისა და მოგონების პროვოცირება მოახდინოს (გამოიწვიოს).
წყარო:
https://www.mentalfloss.com/article/71801/stendhal-syndrome-overdosing-beautiful-art