ცხვირის პოლიპები - რა გართულება ახასიათებს და როგორ მკურნალობენ?

ცხვირის პოლიპები - რა გართულება ახასიათებს და როგორ მკურნალობენ?

რა არის ცხვირის პოლიპები?

ცხვირის პოლიპები რბილი, უმტკივნეულო, კეთილთვისებიანი წანაზარდებია, რომელიც სინუსის ან ცხვირის ღრუს ამომფენ გარსზე ვითარდება. ცხვირის პოლიპები ყურძნის მტევნის მსგავსადაა ჩამოკიდებული.

ცხვირის პოლიპი ყალიბდება ქრონიკული ანთების გამო და დაკავშირებულია ასთმასთან, ალერგიასთან, მედიკამენტის მგრძნობელობასთან ან ზოგიერთ იმუნურ დარღვევასთან.

პატარა ზომის პოლიპები არ იწვევს სპეციფიკურ სიმპტომებს, თუმცა დიდი ზომის წანაზარდის შემთხვევაში ადამიანს შესაძლოა უჭირდეს სუნთქვა, დაკარგოს ყნოსვა და ავადობდეს ხშირი ინფექციებით.

ცხვირის პოლიპებისგან არავინაა დაზღვეული, ყალიბდება ნებისმიერ ასაკში, თუმცა უფრო ხშირია ზრდასრულ პაციენტებში.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში საკმარისია მედიკამენტური თერაპია, თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. გაითვალისწინეთ, რომ წარმატებული მკურნალობის შემდეგაც კი სავსებით შესაძლებელია პოლიპები ისევ გაჩნდეს.

სიმპტომები

ცხვირის პოლიპები დაკავშირებულია სინუსებისა და ცხვირის სასუნთქი გზების გაღიზიანებასთან და შეშუპებასთან, რომელიც გრძელდება 12 კვირაზე მეტხანს (ქრონიკული სინუსიტი). თუმცა შესაძლოა ქრონიკული სინუსიტი მიმდინარეობდეს პოლიპების გარეშეც.

თუ ადამიანს აქვს პოლიპები და ამავდროულად ავადობს ქრონიკული სინუსიტით, როგორც წესი, აწუხებს შემდეგი სიმპტომები:

  • გამონადენი ცხვირიდან;
  • ცხვირის მუდმივი დახშობა;
  • ყნოსვის დაქვეითება ან დაკარგვა;
  • გემოს დაკარგვა;
  • სახის ან თავის ტკივილი;
  • ზედა კბილების ტკივილი;
  • წნევის, ზეწოლის შეგრძნება სახეზე, შუბლის არეში;
  • ხვრინვა;
  • ცხვირიდან ხშირი სისხლდენა.

როდის მივმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს თუ სიმპტომები გრძელდება 10 დღეზე მეტხანს.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი სიმპტომების დროს:

  • ძალიან გიჭირთ ცხვირით სუნთქვა;
  • სიმპტომები მოულოდნელად გაუარესდა;
  • გაორებული მხედველობა, მხედველობის დაქვეითება ან თვალების შეზღუდული მოძრაობა;
  • თვალების გარშემო მწვავე შეშუპება;
  • მწვავე თავის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს მაღალი სიცხე ან გიჭირთ თავის წინ გადახრა.

გართულებული კლინიკური შემთხვევის დროს შესაძლოა გამოვლინდეს:

  • ძილის ობსტრუქციული აპნოე;
  • ასთმის სიმპტომების გამწვავება;
  • სინუსური ინფექცია.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/nasal-polyps/symptoms-causes/syc-20351888