რა არის დექსტროკარდია?
დექსტროკარდია იშვიათი თანდაყოლილი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს გული მარცხენა ნაწილის ნაცვლად გულმკერდის მარჯვენა არეში აქვს.
ჩვეულებრივ, მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა დექსტროკარდიას ხშირად თან ახლავს ისეთი სერიოზული გართულებები როგორიცაა გულის დეფექტი და მუცლის ღრუში მდებარე ორგანოების დარღვევა.
დექსტროკარდიის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ავტოსომურ რეცესიული გენები. აღნიშნული პათოლოგიური გენების გამო ჯერ კიდევ საშვილოსნოში მდებარე ნაყოფის გული ვითარდება საპირისპიროდ.
გულის იშვიათი მდებარეობით ყოველ 12 000 ადამიანში მხოლოდ ერთი იბადება.
სიმპტომები
თანდაყოლილი დექსტროკარდიის მქონე ადამიანების უმეტესობამ არ იცის გული მარჯვნივ რომ აქვს. როგორც წესი, გულის ადგილმდებარეობის შესახებ ადამიანი მაშინ იგებს, როდესაც სრულიად სხვა მიზეზით უტარდება გულმკერდის ან გულის გამოკვლევა.
ზოგიერთი ადამიანი დექსტროკარდიის შესახებ თავად იგებს და რასაკვირველია, ამ მდგომარეობის პირველი სიმპტომია ის, რომ პირს გულისცემის ხმა უფრო მეტად მარჯვენა მხრიდან ესმის.
მწვავე კლინიკურ შემთხვევებში (როგორც წესი, ჩვილებში) გულის დეფექტის ან სხვა დაავადების გამო ვითარდება გარკვეული სიმპტომები და აუცილებელი ხდება მკურნალობა.
ეს საყურადღებო სიმპტომებია:
- მუდმივი, აუხსნელი სისუსტე;
- პაციენტი ვერ იმატებს წონას;
- ქრონიკული ინფექციები, განსაკუთრებით ფილტვის და სინუსის;
- სუნთქვის გაძნელება;
- კანის სიყვითლე;
- მოლურჯო კანი, განსაკუთრებით ფეხისა და ხელის თითებზე.
გართულებული კლინიკური შემთხვევა
ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთან შედარებით ორგანო საპირისპირო არეში აქვს, ეს ორგანო ნორმალურად ფუნქციონირებს.
თუმცა უჩვეულო მდებარეობის გამო ხშირად რთულდება სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირება. განსხვავებული ანატომია ზოგჯერ ართულებს ოპერაციას ან ქირურგს სხვა მეთოდის შერჩევა უწევს.
დექსტროკარდიასთან დაკავშირებული სხვა გართულებებია:
- ნაწლავის პათოლოგიები;
- ბრონქების დაავადებები;
- საყლაპავი მილის პრობლემები;
- გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები;
- გულის უკმარისობა ან გულის სხვა დაავადება;
- ინფექცია და სეფსისი.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/318875#complications