მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 800 000-ზე მეტი ადამიანი.
მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი დაავადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ უკვე გამოაცხადა.
როგორც CNN წერს, არ არსებობს კონკრეტული ჯადოსნური საკვები ან ტაბლეტი, რომელიც გარანტირებულად გააძლიერებს იმუნიტეტს და ადამიანს კორონავირუსისგან დაიცავს, მაგრამ გარკვეული მეთოდები იმუნური სისტემის ოპტიმალურ ფუნქციონირებაზე დადებითად აისახება.
მოგეხსენებათ, იმუნიტეტისთვის ძალიან სასარგებლოა მშვიდი ძილი, ნაკლები სტრესი, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირად დაბანა.
სასურველია, მიირთვათ საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები. იმუნიტეტისთვის სასარგებლოა:
- ბეტა კაროტინით მდიდარი სტაფილო, ხუჭუჭა კომბოსტო, გარგარი, ტკბილი კარტოფილი, მანგო, ისპანახი, ბროკოლი. ბეტა კაროტინი ანტისხეულებს ტოქსინებთან და უცხო სუბსტანციასთან გამკლავებაში ეხმარება;
- C ვიტამინი, რომელსაც შეიცავს ციტრუსი, ბროკოლი, მარწყვი. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ეს ვიტამინი უმნიშვნელოდ, მაგრამ ამცირებს გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების ხანგრძლივობას;
- არ დაგვავიწყდეს D ვიტამინის როლი. იგი კვერცხის, ყველის, ტოფუს (იაპონური სოიოს ხაჭო) და სოკოს შემადგენლობაშია;
- მიირთვით ლობიო, თხილეული, მარცვლეული, ზღვის პროდუქტები, თურქული ბარდა, ოსპი, იოგურტი. ეს საკვები თუთიას შეიცავს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია უჯრედთა რეგენერაციისთვის, იმუნური სისტემის ფუნქციობისთვის, ბაქტერიებისა და ვირუსების ზრდის დათრგუნვისთვის;
- კვების რაციონში ჩართეთ ცილით მდიდარი რძე, კვერცხი, თევზი, საქონლისა და შინაური ფრინველის ხორცი, იოგურტი, ხაჭო;
- ორგანიზმს პრებიოტიკით გაამდიდრებთ თუ მიირთმევთ ბანანს, რძის პროდუქტებს, მთლიან მარცვლეულს, ხახვს, ნიორს, ლობიოს;
- ხშირად დალიეთ წყალი;
- სასარგებლოა წვნიანი.
წყარო:
https://edition.cnn.com/2020/03/25/health/immunity-diet-food-coronavirus-drayer-wellness/index.html