მინი ინსულტი - როცა ორგანიზმი ინსულტის დარტყმის რისკზე გაფრთხილებთ

მინი ინსულტი - როცა ორგანიზმი ინსულტის დარტყმის რისკზე გაფრთხილებთ

რა არის გარდამავალი (ტრანზიტორული) იშემიური შეტევა?

თავის ტვინის ინფარქტი, ანუ ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა.

ინსულტი ვითარდება მაშინ, როდესაც ტვინის ნაწილში სისხლის მიწოდება წყდება, ირღვევა ან მცირდება.

პათოლოგიური მდგომარეობის გამო ტვინის ქსოვილი ვეღარ იღებს ჟანგბადს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მკვებავ ნივთიერებებს. ტვინის უჯრედები რამდენიმე წუთში კვდომას იწყებს - ინსულტის დროს, პაციენტის გადასარჩენად ყოველი წამი მნიშვნელოვანია!

მინი ინსულტი

გარდამავალ იშემიურ შეტევას ხშირად მინი (მცირე) ინსულტის სახელწოდებითაც განმარტავენ.

გარდამავალი იშემიური შეტევის დროს ვლინდება ინსულტის მსგავსი სიმპტომები, თუმცა ნიშნები მხოლოდ რამდენიმე წუთით ჩნდება და არ იწვევს მუდმივ დაზიანებას ორგანიზმში.

სწორედ ამ დროებით ეფექტს, თავისით ალაგებულ სიმპტომებს შეჰყავს პაციენტი შეცდომაში, კერძოდ, პიროვნება ფიქრობს, რომ რადგან თავს უკეთ გრძნობს და მკურნალობა არ დასჭირდა, ყველაფერი კარგადაა და ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება!

სინამდვილეში მინი ინსულტით ორგანიზმი განგაშის ზარს ტეხს და გაფრთხილებთ, რომ იმყოფებით რისკის ქვეშ, ანუ მოსალოდნელია სამედიცინო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი პათოლოგია - ინსულტი. ამ ფაქტს სტატისტიკაც ადასტურებს. ყოველი 3 ადამიანიდან ერთს, რომელსაც ანამნეზში აქვს გარდამავალი იშემიური შეტევა, ინსულტი უყალიბდება.

ტრანზიტორული იშემიური შეტევა შესაძლოა ჩავთვალოთ როგორც საშუალება იმისთვის, რომ გარკვეული მეთოდებით თავიდან ავირიდოთ ინსულტი.

სიმპტომები

გარდამავალი იშემიური შეტევა, ჩვეულებრივ, რამდენიმე წუთით გრძელდება. ნიშნები და სიმპტომები 1 საათში ქრება (იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში სიმპტომები მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში).

საყურადღებო სიმპტომებია:

  • სახის, მკლავის ან ფეხის დაბუჟება, დამბლა, ან სისუსტე (როგორც წესი, სხეულის ერთ არეში);
  • პაციენტს უჭირს თქვენი სიტყვების გააზრება ან გაუგებრად საუბრობს;
  • ერთ ან ორივე თვალში მხედველობის დაკარგვა, ან გაორებული მხედველობა;
  • თავბრუსხვევა ან ბალანსის, წონასწორობის დაკარგვა.

როდის მივმართოთ ექიმს?

გარდამავალი იშემიური შეტევა უმეტესად ვლინდება ინსულტამდე რამდენიმე საათით ან დღით ადრე.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, პაციენტი დროულად უნდა მოთავსდეს ისეთი კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, სადაც დანერგილია ინსულტის მართვის მეთოდები.

გაითვალისწინეთ, რომ დროული დიაგნოსტირებითა და მოწოდებული პრევენციული მეთოდებით ვერაგი პათოლოგიის თავიდან არიდებაა შესაძლებელი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/transient-ischemic-attack/symptoms-causes/syc-20355679