რა არის კლინიკური სიკვდილი?
კლინიკური სიკვდილი დღემდე ერთ-ერთი ამოუხსნელი ფენომენია, რომლის შესახებაც მეცნიერებს ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვთ, შესაბამისად, არსებობს უამრავი თეორია.
კლინიკური სიკვდილი წარმოადგენს ტერმინალურ მდგომარეობას, როდესაც არ არის სიცოცხლის ნიშნები, თუმცა ბიოლოგიური სიკვდილი ჯერ არ დამდგარა.
ცნობილია, რომ პაციენტებს, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს, გარკვეული ხილვები ჰქონდათ.
ინტერნეტში შეგიძლიათ გაეცნოთ არაერთ მასალას, სადაც პაციენტები იხსენებენ თუ რა ნახეს კლინიკური სიკვდილის დროს.
როგორც წესი, ასახელებენ შემდეგს:
- გრძელი და ბნელი გვირაბი ვნახე, რომლის ბოლოშიც კაშკაშა სინათლე ჩანდა;
- საკუთარ სხეულს გარკვეული დისტანციიდან ვუყურებდი;
- გარდაცვლილ ახლობელს შევხვდი;
- ჩემი ცხოვრებიდან გარკვეულ ეპიზოდებს ვხედავდი;
- თითქოს ერთგვარი საზღვრის წინ ვიდექი და გავლებულ ხაზზე რატომღაც არ გადავედი, ნაბიჯის გადადგმა არ მომინდა;
- ვიღაცის ხმა გავიგონე, რომელიც ამბობდა რომ უნდა დავბრუნდე;
- თითქოს ვცურავდი;
- ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს საიდანღაც ვვარდებოდი.
მეცნიერთა აზრით, კლინიკური სიკვდილი არის ის მდგომარეობა, ფანჯარა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლეს შორისაა განლაგებული და როცა ექიმებს პაციენტის გონზე მოყვანა ჯერ კიდევ შეუძლიათ.
რეანიმატოლოგები აცხადებენ, რომ ეს არის მონაკვეთი, როცა გულისა და სხვა მთავარი სასიცოცხლო სისტემების დათრგუნვა ხდება, თუმცა ტვინი ჯერ კიდევ განაგრძობს ფუნქციონირებას.
მედიცინა თვლის, რომ სიცოცხლე სრულდება მაშინ (პაციენტი დაღუპულად ცხადდება), როდესაც ტვინი ფუნქციონირებას წყვეტს, ანუ ვითარდება შეუქცევადი ცვლილებები.
ითვლება, რომ კლინიკური სიკვდილი 4-5 წუთი (მაქსიმუმ 6 წუთი) მიმდინარეობს.
კლინიკური სიკვდილის დროს ნანახ ცნობილ სცენებზე (გვირაბი, კადრები ახალგაზრდობიდან, ვარდნის შეგრძნება, გარდაცვლილი ახლობლები) ზოგიერთ ნევროლოგსა და ნეიროქირურგს საკუთარი მოსაზრება აქვთ. მათი თქმით, ვინაიდან ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდება, ჰიპოქსიის ფონზე წარმოიქმნება ე.წ. „გვირაბის მხედველობა“.
ზოგიერთი მეცნიერი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ვინაიდან კლინიკური სიკვდილის დროს დათრგუნულია ახალი მეხსიერება, პაციენტს ახსენდება უკვე ნაცნობი ამბები წარსულიდან.
კლინიკური სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის პოლიტრავმამ, როდესაც პაციენტს აქვს თავის ტვინის ღია ან დახურული დაზიანებები.
ასევე კლინიკური სიკვდილის მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმზე მიყენებული ზეზღურბლოვანი გაღიზიანებები და ამის ფონზე განვითარებული შოკის სხვადასხვა სახე, როგორიცაა: ტრავმული, ჰემორაგიული, ანაფილაქსიური, კარდიოგენური და სხვა ტიპის შოკები. საუბარია ყველა იმ ფორმის შოკზე, რომელსაც მივყავართ ტერმინალურ მდგომარეობაზე და რომელიც შეიძლება დასრულდეს კლინიკური სიკვდილის გამოვლინებით.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობის სათანადო, დროული რეანიმაციული მართვის შემთხვევაში შესაძლებელია პაციენტის გადარჩენა.