რა არის ადჰეზიური კაფსულიტი?
ადჰეზიური კაფსულიტი, ანუ გაყინული მხრის სახსარი არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მხრის სახსარში უჩივის ტკივილსა და დაჭიმულობას, მოძრაობის შეზღუდვას.
როგორც წესი, ნიშნები და სიმპტომები თანდათანობით ყალიბდება, დროთა განმავლობაში მწვავდება და შემდეგ ლაგდება (ჩვეულებრივ, 1-დან 3 წლის ვადაში).
ადჰეზიური კაფსულიტის განვითარების რისკი მაღალია თუ მხარს არ ამოძრავებდით რომელიმე სამედიცინო მდგომარეობისა თუ პროცედურის გამო.
გაყინული მხრის სახსრის მკურნალობისთვის მოწოდებულია სპეციფიკური ვარჯიში და ზოგჯერ სახსრის კაფსულაში კორტიკოსტეროიდების და სხვა მედიკამენტების ინექცია. კლინიკურ შემთხვევათა მცირე პროცენტში საჭირო ხდება ართროსკოპიული ოპერაცია.
სიმპტომები
ადჰეზიური კაფსულიტი ნელა ვითარდება და პათოლოგიური მდგომარეობის ჩამოყალიბება მიმდინარეობს სამ სტადიად. თითოეული სტადია შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში.
განვიხილოთ უფრო დეტალურად:
- გაყინვის სტადია. მხრის ნებისმიერი მოძრაობა იწვევს ტკივილს და მხრის მოძრაობის უნარი ქვეითდება;
- გაყინული სტადია. ამ სტადიაზე ტკივილი შესაძლოა შესუსტდეს, თუმცა მხარი იმდენად დაჭიმულია, მისი გამოყენება გაცილებით რთულდება;
- დნობის სტადია. მხრის მოძრაობის უნარი უმჯობესდება.
ზოგიერთ ადამიანს ტკივილი უმძაფრდება ღამით და ეს ტკივილი იმდენად ძლიერია, პაციენტს მშვიდად დაძინება უჭირს.
გამომწვევი მიზეზი
ძვალი, იოგი და მყესი, რომელიც მხრის სახსარს ქმნის, შემაერთებელი ქსოვილის კაფსულაში მდებარეობს. ადჰეზიური კაფსულიტი ვითარდება მაშინ, როდესაც ეს კაფსულა მხრის სახსრის გარშემო სქელდება და იკუმშება, შესაბამისად, იზღუდება მოძრაობის უნარი.
ექიმებმა არ იციან თუ ზოგიერთ ადამიანში რატომ ყალიბდება ეს პათოლოგიური მდგომარეობა.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, პროცენტულად გაყინული მხრის სახსარი უფრო ხშირია დიაბეტის მქონე პაციენტებში ან იმ პირებში, რომელთაც ქირურგიული ოპერაციის ან მოტეხილობის გამო მხარი დიდხანს ჰქონდათ უმოძრაო მდგომარეობაში.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/frozen-shoulder/symptoms-causes/syc-20372684