რა არის გეოგრაფიული ენა?
გეოგრაფიული ენა არის ანთებითი, თუმცა უვნებელი მდგომარეობა, რომლის დროსაც ენის ზედაპირის სტრუქტურა იცვლება.
ბუნებრივ მდგომარეობაში ენა დაფარულია პაწაწინა, მოვარდისფრო-მოთეთრო ამობურცულობებით (პაპილები). გეოგრაფიული ენის დროს კი, ენის ზედაპირზე ნორმალური პაპილები არ გვხვდება და მის ნაცვლად გლუვი, წითელი და კუნძულის მსგავსი ფორმებია. ამ ცვლილების გამო ენა რუკის შესახედაობას იღებს და სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის. სავსებით მოსალოდნელია ეს დაზიანება ერთ ადგილას გაქრეს და ენის სხვა არეზე გაჩნდეს.
გეოგრაფიული ენა უჩვეულო შესახედაობისაა, თუმცა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს არ იწვევს, არ აქვს კავშირი ინფექციასთან ან კიბოსთან.
ადამიანი გრძნობს დისკომფორტს და ზოგიერთი საკვებისა თუ სასმელის მიმართ მომატებული აქვს მგრძნობელობა.
სიმპტომები
გეოგრაფიული ენის სიმპტომებია:
- გლუვი, წითელი, არარეგულარული ფორმის დაზიანებები ენაზე;
- დაზიანებები ხშირად იცვლის მდებარეობას, ზომასა და ფორმას;
- დისკომფორტი, ტკივილი ან წვის შეგრძნება ცხარე, ან მჟავე საკვების გამო (ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში).
აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული ენის მიუხედავად ბევრ ადამიანს სიმპტომები არ აქვს.
მდგომარეობა შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე დღის, თვის ან წლის განმავლობაში. ხშირად თავისით ქრება, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ისევ ვლინდება.
როგორც უკვე მოგახსენეთ, გეოგრაფიული ენა უმნიშვნელო, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში არაკომფორტული მდგომარეობაა.
ზოგჯერ ენაზე განვითარებული დაზიანება ენის ან ზოგადად, ორგანიზმის გაცილებით სერიოზული დაავადების ნიშანია. სწორედ ამიტომ თუ ენამ 10 დღის შემდეგაც კი არ დაიბრუნა ბუნებრივი ვიზუალი, მიმართეთ ექიმს.
გამომწვევი მიზეზი
გეოგრაფიული ენის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, შესაბამისად, პრევენციის მეთოდები არ არსებობს.
ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ არსებობს კავშირი გეოგრაფიულ ენასა და ფსორიაზს შორის, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებული არაა, გაცილებით საფუძვლიანი, ფართომასშტაბიანი სამეცნიერო კვლევებია ჩასატარებელი.
მდგომარეობის ჩამოყალიბების ძირითადი რისკ-ფაქტორებია ოჯახური ანამნეზი და ღაროვანი ენა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/geographic-tongue/symptoms-causes/syc-20354396