ნეგატიური ადამიანი და ტოქსიკური ურთიერთობა თქვენს ჯანმრთელობას ისევე ვნებს როგორც დაავადება

ნეგატიური ადამიანი და ტოქსიკური ურთიერთობა თქვენს ჯანმრთელობას ისევე ვნებს როგორც დაავადება

კარგად დააკვირდით სანაცნობო წრეს.

გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც რომელიმე ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ თავი ცუდად გიგრძვნიათ?

შეიძლება ისეთ პიროვნებას იცნობთ, რომელიც უმნიშვნელო დეტალებზეც კი ჩივის, უკმაყოფილოა.

მუდმივად უარყოფით განწყობაზე მყოფი პიროვნების ნეგატიური ფიქრები თქვენს პიროვნულ განვითარებასა და გუნება-განწყობილებაზე უარყოფითად აისახება, შეიძლება მისი უსიამოვნო განცდები იმდენად გადმოგედოთ, უეცრად დაღლილობა თუ თავის ტკივილიც კი იგრძნოთ.

რასაკვირველია, ყველაფერი, მაქსიმუმი უნდა გააკეთოთ და ადამიანს დახმარების ხელი გაუწოდოთ, პოზიტივით აავსოთ, მის მიმართ სიკეთე, გულისხმიერება გამოიჩინოთ, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დრო და საზღვარი! სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ ბედნიერია მაშინ, როცა სხვას გულს სტკენს და ამ შემთხვევაში ისევ თავად დაზარალდებით.

ტოქსიკურობის ზოგიერთი ძირითადი ნიშანია:

  • მანიპულაცია და სხვა ტიპის ემოციური ძალადობა;
  • არაკეთილსინდისიერება და ტყუილი;
  • პიროვნებას უჭირს სხვების მიმართ გამოხატოს თანაგრძნობა;
  • ადამიანი მიისწრაფვის იმისკენ რომ შექმნას კონფლიქტური სიტუაცია.

მოერიდეთ მის რეალობაში თამაშს

ეს ადამიანი მიისწრაფვის (მიდრეკილია) იმისკენ, რომ ყველა სიტუაციაში მსხვერპლი თავად იყოს, ანუ კონკრეტულ მომენტში პიროვნება საკუთარ თავს აღიქვამს როგორც დაზარალებულს.

ტოქსიკური ბუნების პატრონი შეცდომის დაშვებისას პასუხისმგებლობას ყოველთვის სხვას აკისრებს, სხვას ადანაშაულებს; შეიძლება მოყვეს ისეთი ამბავიც კი, რომელიც მას გაცილებით პოზიტიურ ჭრილში წარმოაჩენს.

მასთან ურთიერთობისას სავსებით მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვის მიზნით, გაიღიმოთ ან სიბრაზის პრევენციისთვის თანხმობის ნიშნად თავი დააქნიოთ. თუმცა ამ სიტუაციას იგი წახალისებად ჩათვლის და თქვენ როგორც მხარდამჭერს ისე შემოგხედავთ, ანუ ვითარებას საკუთარი მიზნისთვის შეცვლის.

უმჯობესია, თავაზიანად, მოკრძალებულად გამოხატოთ რომ არ ეთანხმებით, აუხსნათ რეალურად რაც მოხდა, მოიყვანოთ რეალური ფაქტი და არაფერი დააბრალოთ. შეიძლება ეს დამოკიდებულება არ ესიამოვნოს, თუმცა თავად გაგერიდებათ და მომავალში თქვენთან საქმეს აღარ დაიჭერს.

ყურადღება გაამახვილეთ იმაზე თუ თავად როგორ გრძნობთ თავს

ცხოვრებაში ერთხელ თითქმის ყველა ადამიანს უთქვამს ისეთი რამ, რაც სხვას ცუდად მიუღია და სინამდვილეში ავტორს სხვა რამ უგულისხმია. ადამიანების უმეტესობა იშვიათად, მაგრამ გაუაზრებლად მაინც ამბობს ისეთ რამეს, რაც სხვისთვის უხეში ან საწყენი ყოფილა.

შეიძლება იმ წუთში თანამოსაუბრე ცუდ ხასიათზე იყოს, რაღაცაზე ნერვიულობდეს და ამის გამო გაგაღიზიანოთ; ყოველთვის ტოქსიკურობასთან არ გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ შემდეგი - მოგიბოდიშეს ან გააცნობიერეს თუ როგორ იმოქმედა სიტყვებმა თქვენზე?

ესაუბრეთ მისი ქცევისა და ხასიათის შესახებ

შეიძლება ვერ აცნობიერებს როგორ გავლენას ახდენს მისი ხასიათი თუ მოქმედება თქვენზე ან გარშემომყოფებზე.

ყველაფერზე ესაუბრეთ გულახდილად და აუხსენით რა განცდას ტოვებს მისი ქცევა თქვენზე. მაგალითად, თუ ტყუილთან გვაქვს საქმე, შეგიძლიათ განუმარტოთ, რომ თქვენთვის მეგობრობაში ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანია და თუ კიდევ ერთხელ მოგატყუებთ, მასთან მეგობრობას შეწყვეტთ.

თქვენი თავი პირველ ადგილზე დააყენეთ

ადამიანს უნდა დაეხმაროთ, შეეცადოთ გუნება-განწყობილება, ხასიათი გაუუმჯობესდეს, თუმცა არავითარ შემთხვევაში თქვენი კეთილდღეობის ხარჯზე.

გახსოვდეთ, თქვენ არაფერი დაგიშავებიათ

შეიძლება ნაცნობი ისე იქცეოდეს თითქოს ყველაფერში დამნაშავე თქვენ ხართ. შეიძლება ერთი წამით ეჭვიც კი გაგიჩნდეთ რომ აწყენინეთ. გახსოვდეთ, მისი ქცევა, განწყობა თქვენი ბრალი არაა. ამიტომ არის საჭირო ურთიერთობაში გარკვეული საზღვრის დაწესება.

ისე მოიქეცით რომ ვერ დაგიკავშირდნენ, თქვენთან კონტაქტი ვერ დაამყარონ

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ადამიანები, რომლებიც ნეგატივს ავრცელებენ, უმეტესად მიმართავენ იმ ნაცნობებს, რომელთა მანიპულირებაც ერთხელ უკვე მარტივად შეძლეს.

სწორედ ამიტომ აღარ შეგაწუხებენ თუ გააცნობიერებენ, რომ მათი ტაქტიკა თქვენზე არ მოქმედებს და ურთიერთობასაც შეწყვეტენ.

მაქსიმალურად შეზღუდეთ მათთან ურთიერთობის დრო

თუ ერთხელ მაინც გიგრძვნიათ სტრესი ან შფოთვა კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ, ეს იმის ნიშანია, რომ მას აღარ უნდა შეხვდეთ, ან რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროთ მის სიახლოვეს.

ტოქსიკური განწყობის მქონე პირი საკუთარ თავზეა ორიენტირებული და ფოკუსირებულია მხოლოდ იმაზე რაც მას სურს. ნებისმიერი პრობლემის წარმოჩენისთანავე ისინი, როგორც წესი, სხვა ადამიანებს ადანაშაულებენ. მათ დიდად არ აღელვებთ თქვენი გრძნობა, განწყობა.

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/how-to-deal-with-toxic-people#takeaway