რა სიმპტომებით ვლინდება კოლორექტალური კიბო?
კოლორექტალური კიბო ცნობილია მსხვილი ნაწლავის კიბოს ან რექტალური კიბოს სახელწოდებითაც.
კოლორექტალური კიბო მოიცავს მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავისა და ანალური არხის ეპითელური სიმსივნეების ერთობლიობას.
სკრინინგისა და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესების შედეგად კოლორექტალური კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია.
კოლორექტალური კიბოსთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- კუჭის მოქმედების ცვლილება;
- დიარეა ან შეკრულობა;
- პაციენტს კუჭის მოქმედების შემდეგ აქვს შეგრძნება რომ ნაწლავი საკმარისად არ დაიცალა;
- სისხლიანი განავალი - სისხლის გამო განავალი მუქი ფერისაა;
- სისხლდენა სწორი ნაწლავიდან;
- ტკივილი და შებერილობა მუცლის არეში;
- სისავსის შეგრძნება მაშინაც კი თუ არ გიჭამიათ;
- დაღლილობა;
- უმიზეზოდ წონის კლება;
- უმიზეზოდ რკინის დეფიციტი მამაკაცებში ან ქალებში (მენოპაუზის შემდეგ).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული სიმპტომები სხვა პათოლოგიებისთვისაცაა დამახასიათებელი და სულაც არ ნიშნავს რომ აუცილებლად კიბო გაქვთ. ეს ნიშნები საყურადღებოა და აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს - შესაბამისი დიაგნოსტირების საფუძველზე მედიკოსი დაადგენს სიმპტომების ზუსტ გამომწვევ მიზეზს.
მკურნალობა
მკურნალობის კურსი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, კიბოს სტადიაზე, ზომაზე, ლოკალიზაციაზე, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.
მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ქიმიოთერაპიას, ქირურგიულ ოპერაციას, რადიოთერაპიას (სხივური თერაპია).
რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:
- ხანდაზმული ასაკი;
- არაჯანსაღი კვების რაციონი (ჭარბი დოზით ცხოველური ცილა, გაჯერებული ცხიმი და კალორიები);
- რაციონი, რომელიც არ შედგება (ან მცირე რაოდენობითაა) საკვები ბოჭკოსგან;
- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
- სამედიცინო ისტორიაში ძუძუს, საკვერცხის ან საშვილოსნოს კიბოთი ავადობა;
- კოლორექტალური კიბოს ოჯახური ანამნეზი;
- წყლულოვანი კოლიტით, კრონის დაავადებით ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით ავადობა;
- ჭარბი წონა და სიმსუქნე;
- თამბაქოს მოხმარება;
- არააქტიური ცხოვრების წესი.
კოლორექტალური კიბო და ლურჯი მარტი
მარტი კოლორექტალური კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების თვეა.
„ლურჯი მარტი“ 2000 წლიდან აღინიშნება - სხვადასხვა ღონისძიების მთავარი მიზანია საზოგადოება მეტად ინფორმირებული იყოს ამ დიაგნოზის შესახებ.
ღონისძიების ერთ-ერთი ძირითადი სიმბოლო ლურჯი ბაფთაა.
იმართება ტრენინგები, სემინარები, იბეჭდება საინფორმაციო ბროშურები; პროექტში მონაწილეობენ პაციენტებიც, რომლებიც საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ.
ლურჯი მარტის ფარგლებში საზოგადოება ეცნობა ინფორმაციას დაავადების სიმპტომების, მკურნალობის მეთოდების, დიაგნოსტირებისა და სკრინინგის შესახებ.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/155598#treatment
https://www.healthline.com/health/colorectal-cancer/colon-cancer-awareness-month-when-is-it-and-more