რა არის ავასკულური ნეკროზი (ოსტეონეკროზი)?
ავასკულური ნეკროზი არის ძვლის ქსოვილის სიკვდილი, რომელიც სისხლის არასათანადოდ მომარაგებითაა გამოწვეული.
პათოლოგია ცნობილია ოსტეონეკროზის სახელწოდებითაც.
ავასკულური ნეკროზის გამო შესაძლოა განვითარდეს ძვლის მცირე ზომის მოტეხილობა ან სრული კოლაფსი. მოტეხილი ძვლის ან სახსრის მდებარეობის შეცვლის გამო ძვლის სეგმენტში შესაძლოა დაირღვეს სისხლის მიდინების პროცესი (სისხლით მომარაგება).
პათოლოგიისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა განსაკუთრებით ხშირია 30-დან 50 წლამდე ასაკის პირებში.
სიმპტომები
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში, ავასკულური ნეკროზი ადრეულ სტადიაზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
პათოლოგიის გამწვავების შემთხვევაში სიმძიმის (წონის) ზემოქმედების შემდეგ პაციენტი დაზიანებულ სახსარში ტკივილს უჩივის. თუმცა საბოლოო ჯამში ოსტეონეკროზის პროგრესირებისას ტკივილს მაშინაც კი გრძნობთ, როცა ფიზიკურად არ იტვირთებით, წევხართ.
შესაძლოა უჩიოდეთ როგორც ყრუ, ისე მწვავე ტკივილს. ოსტეონეკროზისთვის დამახასიათებელი ტკივილი ვლინდება ბარძაყის, საზარდულის, უკანალის, მხრის, მუხლის, ტერფისა და ხელის არეში.
გამომწვევი მიზეზი
ავასკულური ნეკროზი ვითარდება მაშინ, როდესაც ძვალში სისხლის დინება შემცირებული ან სრულად დარღვეულია.
ძვლის სისხლით მომარაგების პროცესს შესაძლოა ხელს უშლიდეს შემდეგი მდგომარეობები:
- სახსრის ან ძვლის ტრავმა;
- სისხლძარღვებში ცხიმოვანი ნალექი;
- ზოგიერთი დაავადება (მაგალითად, გოშეს დაავადება და ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია).
სამწუხაროდ, შემთხვევათა 25%-ში პათოლოგიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი მედიკოსებისთვის უცნობი რჩება.
რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:
- ტრავმა, დაზიანება;
- სტეროიდების მოხმარება;
- ჭარბი დოზით ალკოჰოლი;
- სხივური თერაპია;
- ორგანოს ტრანსპლანტაცია.
ავასკულურ ნეკროზთან დაკავშირებული პათოლოგიებია:
- პანკრეატიტი;
- დიაბეტი;
- გოშეს დაავადება;
- სისტემური წითელი მჭამელა;
- ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/avascular-necrosis/symptoms-causes/syc-20369859