მდგომარეობა, რომლის გამოც იზრდება ინსულტის და გულის უკმარისობის განვითარების რისკი

მდგომარეობა, რომლის გამოც იზრდება ინსულტის და გულის უკმარისობის განვითარების რისკი

რა არის წინაგულების ფიბრილაცია?

წინაგულების ფიბრილაცია არის არარეგულარული და ხშირი, სწრაფი გულის შეკუმშვათა სიხშირე, რომლის გამოც იზრდება ინსულტის, გულის უკმარისობის ან გულთან დაკავშირებული სხვა პათოლოგიების განვითარების რისკი.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მდგომარეობა ეპიზოდური ხასიათისაა, ანუ ჩნდება და შემდეგ ქრება, ზოგჯერ კი ხანგრძლივი დროით მიმდინარეობს და მკურნალობას საჭიროებს.

მკურნალობისთვის მოწოდებულია როგორც მედიკამენტური თერაპია, ისე სხვა მანიპულაცია, რომლის მთავარი მიზანიც გულის ელექტრული სისტემის დარეგულირებაა.

სიმპტომები

ზოგიერთი ადამიანი დიაგნოზს იგებს სრულიად შემთხვევით ფიზიკური გამოკვლევის დროს - ამ კლინიკურ შემთხვევებში წინაგულების ფიბრილაცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, პაციენტი არაფერს უჩივის.

თუ სიმპტომურად გამოვლინდა, პათოლოგიისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • აჩქარებული გულისცემა, გახშირებული პულსაცია;
  • სისუსტე;
  • პაციენტს უჭირს ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა;
  • დაღლილობა;
  • თავბრუსხვევა;
  • დაბნეულობა;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • ტკივილი გულმკერდის არეში.

ცნობისათვის, წინაგულების ფიბრილაცია შესაძლოა იყოს:

  • პერიოდული;
  • განმეორებადი;
  • ხანგრძლივი დროით მიმდინარე;
  • მუდმივი.

გამომწვევი მიზეზი

წინაგულების ფიბრილაციის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია გულის სტრუქტურის დაზიანება ან პათოლოგიები.

შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • გულის შეტევა (ინფარქტი);
  • კორონარული არტერიების დაავადება;
  • გულის პათოლოგიური სარქველები;
  • გულის თანდაყოლილი დეფექტი;
  • მეტაბოლური დისბალანსი;
  • ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვალი;
  • ფილტვის დაავადებები;
  • გულზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია;
  • ვირუსული ინფექციები;
  • ოპერაციით, პნევმონიით ან სხვა დაავადებით გამოწვეული სტრესი;
  • ძილის აპნოე და სხვა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/atrial-fibrillation/symptoms-causes/syc-20350624