პირის სიმშრალე - უსიამოვნო სუნი, გემოს ცვლილება და სხვა საყურადღებო სიმპტომები

პირის სიმშრალე - უსიამოვნო სუნი, გემოს ცვლილება და სხვა საყურადღებო სიმპტომები

რა არის პირის სიმშრალე, ანუ ქსეროსტომია?

სამედიცინო ენაზე მდგომარეობას, როდესაც სანერწყვე ჯირკვლები ვერ გამოყოფს საკმარისი რაოდენობის ნერწყვს და პირის ღრუ გამომშრალია, ქსეროსტომია (იგივე პირის სიმშრალე) ეწოდება.

როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა უმეტეს ნაწილში გამომწვევი მიზეზია პაციენტის ხანდაზმული ასაკი, თუმცა ქსეროსტომიას შესაძლოა კავშირი არ ჰქონდეს ასაკთან და გამოვლინდეს როგორც ზოგიერთი მედიკამენტის ერთგვარი გვერდითი ეფექტი.

პირის სიმშრალეს ზოგჯერ უჩივიან ის ონკოლოგიური პაციენტები, რომელთაც ჩაუტარდათ სხივური თერაპია (რადიოთერაპია).

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ძალიან იშვიათად, რომ პირის სიმშრალის მიზეზი უშუალოდ სანერწყვე ჯირკვალი იყოს.

ნერწყვი ორგანიზმისთვის, შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ნერწყვი ზრუნავს კბილზე (კბილს ლპობისგან იცავს). ნერწყვი პირის ღრუში ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას, რეცხავს საკვების ნარჩენებს. ნერწყვის მეშვეობით, უკეთ აღიქვამთ გემოს და ყლაპვის პროცესიც გაცილებით მარტივია. ნერწყვის ფერმენტები საჭმლის მონელებას უწყობს ხელს.

სიმპტომები

პირის სიმშრალისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • სიმშრალე პირის ღრუში;
  • ბლანტი, შესქელებული ნერწყვი;
  • უსიამოვნო სუნი პირის ღრუში;
  • გარკვეული პრობლემები, დისკომფორტი ღეჭვის, საუბრისა თუ ყლაპვის დროს;
  • ჩახლეჩილი ხმა და ყელის ტკივილი;
  • ყელის სიმშრალე;
  • გემოს ცვლილება;
  • გარკვეული პრობლემები პროთეზის ტარების დროს.

გამომწვევი მიზეზები

პირის სიმშრალის მიზეზია ის, რომ სანერწყვე ჯირკვლები ვერ გამოყოფს საკმარისი რაოდენობის ნერწყვს.

სანერწყვე ჯირკვალი სათანადოდ შესაძლოა არ ფუნქციონირებდეს შემდეგი მიზეზების გამო:

  • ზოგიერთი მედიკამენტის მიღება;
  • ხანდაზმულობა;
  • კიბოს მკურნალობისთვის განკუთვნილი გარკვეული მეთოდები;
  • ნერვის დაზიანება;
  • ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა (დიაბეტი, ინსულტი, სოკოვანი ინფექცია, ალცჰაიმერის დაავადება, ხვრინვა, ავტოიმუნური დაავადებები და სხვა);
  • თამბაქოს მოხმარება.

გართულებული შემთხვევა

როცა არ გამომუშავდება საკმარისი რაოდენობის ნერწყვი და პირის ღრუ გამომშრალია, იზრდება შემდეგი გართულებების რისკი:

  • კბილების დაზიანება;
  • ღრძილების დაავადება;
  • პირის ღრუს წყლულები;
  • პირის სოკოვანი ინფექცია;
  • ღეჭვის ან ყლაპვის გაძნელების გამო ორგანიზმი სათანადოდ ვერ მარაგდება სხვადასხვა საკვები ნივთიერებით.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dry-mouth/symptoms-causes/syc-20356048