რა არის თირკმლის ინფექცია?
თირკმლის ინფექცია (სამედიცინო ენაზე პიელონეფრიტი) საშარდე გზების ინფექციის ტიპია, რომელიც აღმოცენდება შარდსაწვეთში ან შარდის ბუშტში და ვრცელდება თირკმელში.
პათოლოგია დაუყოვნებელ მკურნალობას საჭიროებს. არანამკურნალებელ შემთხვევაში თირკმლის ინფექციის დროს მაღალია თირკმლის სამუდამოდ დაზიანების რისკი - ამასთან, ბაქტერია შესაძლოა გავრცელდეს სისხლში და გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია.
მკურნალობის კურსი, როგორც წესი, მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას და ხშირად პაციენტის ჰოსპიტალიზირებაა საჭირო.
სიმპტომები
თირკმლის ინფექციის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- სიცხე;
- ციება, კანკალი;
- ზურგის, გვერდის ან საზარდულის ტკივილი;
- ტკივილი მუცლის არეში;
- გახშირებული შარდვა;
- მოშარდვის გაძლიერებული, გახშირებული სურვილი;
- წვის ან ტკივილის შეგრძნება შარდვის დროს;
- გულისრევა და ღებინება;
- ჩირქი ან სისხლი შარდში;
- მღვრიე შარდი ან შარდი უჩვეულოდ უსიამოვნო სუნით.
გამომწვევი მიზეზი
თირკმლის ინფექციის გამომწვევი მიზეზია ბაქტერია. ბაქტერია აღწევს საშარდე გზებში, შემდეგ მრავლდება და მიიწევს თირკმელებისკენ. სწორედ ესაა ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზი.
თირკმელში ბაქტერია შესაძლოა გავრცელდეს სისხლის მეშვეობითაც - ორგანიზმის ნებისმიერ არეში არსებული ინფექციის დროს იზრდება იმის რისკი, რომ ბაქტერიამ სისხლის მეშვეობით თირკმელში გადაინაცვლოს.
იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში თირკმლის ინფექციის გამომწვევი მიზეზია თირკმელზე ჩატარებული ოპერაცია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/kidney-infection/symptoms-causes/syc-20353387