რა არის ქრონიკული დაღლილობის სინდრომი?
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი კომპლექსური დარღვევაა, რომელიც ხასიათდება ძლიერი დაღლილობით - დაღლის მწვავე შეგრძნება გრძელდება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.
ამ სინდრომის დროს დაღლილობა მწვავდება ფიზიკური ან მენტალური აქტივობით და მდგომარეობა არ უმჯობესდება დასვენების შემდეგაც კი.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მედიკოსთა შორის არაერთი თეორია განიხილება, თუნდაც ვირუსული ინფექცია ან ფსიქოლოგიური სტრესი. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სინდრომის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს რიგ ფაქტორთა კომბინაცია და მათ შორის იმუნური სისტემის პრობლემები, ჰორმონული დისბალანსი, ფიზიკური ან ემოციური ტრავმა და სხვა.
სიმპტომები
თითოეული ორგანიზმი ინდივიდუალურია, შესაბამისად, სიმპტომებიც მრავალფეროვანი.
შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
- დაღლილობა;
- მეხსიერების პრობლემები ან კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- ყელის ტკივილი;
- თავის ტკივილი;
- კისერში ან იღლიაში გადიდებული ლიმფური კვანძები;
- უმიზეზო კუნთების ან სახსრების ტკივილი;
- თავბრუსხვევა, რომელიც უარესდება სიარულის დროს;
- ენერგიის ნაკლებობა ძილის შემდეგ (პაციენტს აქვს შეგრძნება თითქოს არც უძინია, არც დაუსვენია);
- ფიზიკური ან მენტალური აქტივობის შემდეგ ძლიერი გამოფიტვა, დაუძლურება.
გართულება
დაღლილობა შესაძლოა იყოს სხვადასხვა დაავადების სიმპტომი (ინფექცია, ფსიქოლოგიური დარღვევა და სხვა) და სწორედ ამიტომ თუ ეს შეგრძნება მწვავე ფორმით, ხანგრძლივი დროით გაწუხებთ, რეკომენდებულია დროულად მიმართოთ ექიმს.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის შესაძლო გართულებაა:
- ცხოვრების წესის შეზღუდვა;
- სამსახურში პრობლემები;
- სოციალური იზოლაცია;
- დეპრესია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/chronic-fatigue-syndrome/symptoms-causes/syc-20360490