ფანტომური ტკივილი - როცა ადამიანი ტკივილს გრძნობს ამპუტაციის შემდეგ მოკვეთილი კიდურის არეში

ფანტომური ტკივილი - როცა ადამიანი ტკივილს გრძნობს ამპუტაციის შემდეგ მოკვეთილი კიდურის არეში

რა არის ფანტომური ტკივილი?

ეს არის ფენომენი, რომელსაც ადამიანი მაშინ განიცდის, როდესაც სხეულის ნაწილი, ძირითადად, კიდური ამპუტირებული აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა მოკვეთილ არეში ტკივილს უჩივის.

წლების განმავლობაში ექიმებს მიაჩნდათ, რომ პოსტამპუტაციის ფენომენი ფსიქოლოგიური პრობლემაა, თუმცა დღეს ექსპერტთა მოსაზრებით, საქმე გვაქვს ნამდვილ შეგრძნებასთან, რომელსაც იწვევს ზურგისა და თავის ტვინი.

აღსანიშნავია, რომ კიდურის მოკვეთის შემდეგ ადამიანების უმეტესობა აცხადებს, რომ კიდურს ისევ გრძნობს მიუხედავად იმისა რომ რეალურად ამპუტაციაა ჩატარებული. ეს კონკრეტული კლინიკური შემთხვევები ცნობილია ფანტომური კიდურის შეგრძნების ფენომენით და მას კავშირი არ აქვს ფანტომურ ტკივილთან.

ზოგიერთი პაციენტი ფანტომური ტკივილისგან თავისუფლდება ყოველგვარი მკურნალობის გარეშე, ხოლო სხვების შემთხვევაში მოწოდებულია სხვადასხვა თერაპიული მეთოდი.

სიმპტომები

ფანტომური ტკივილის დროს ვლინდება:

  • ტკივილი, რომელიც ჩნდება ამპუტაციიდან პირველი კვირის განმავლობაში;
  • ტკივილი, რომელიც ჩნდება და შემდეგ ქრება ან არის მუდმივი;
  • მწვავე, მწველი, ბასრი, გამჭოლი, ყრუ თუ მოჭერითი ხასიათის ტკივილი.

გამომწვევი მიზეზი

ფანტომური ტკივილის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ტკივილი აღმოცენდება ზურგისა და თავის ტვინში.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისა თუ პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის დროს ჩატარებული მონიტორინგისას, კვლევის ავტორებმა შენიშნეს, რომ ფანტომური ტკივილისას ტვინის ის ნაწილები, რომელსაც ნევროლოგიური კავშირი ჰქონდა ამპუტირებული კიდურის ნერვებთან, ამჟღავნებდა აქტივობას.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამპუტაციის შემდეგ ზურგისა და თავის ტვინის არე კარგავს კავშირს კიდურთან და ცდილობს ამ სიტუაციასთან ადაპტირებას არაპროგნოზირებადი გზებით. იმის ნიშნად რომ ორგანიზმში ყველაფერი რიგზე არაა, ვლინდება ტკივილი; ტკივილის შეგრძნება ერთგვარი სიგნალია.

ზოგიერთი კვლევის თანახმად, ამპუტაციის შემდეგ ტვინმა შესაძლოა ამპუტირებული კიდურის შესაბამისი ნერვული იმპულსები სხეულის სხვა არეში გადაისროლოს, მაგალითად, მოკვეთილი ხელიდან ლოყაში. როცა ადამიანი ლოყას შეეხება, შეგრძნება დაეუფლება დაკარგულ ხელს ვეხებიო.

ფანტომური ტკივილის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს სხვადასხვა ფაქტორი, მაგალითად, ნერვული დაბოლოებების დაზიანება, ნაწიბურიანი ქსოვილი, ამპუტაციამდე ტკივილის ფიზიკური მეხსიერება.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ამპუტაციის შემდეგ ყველას არ უვითარდება ფანტომური ტკივილი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/phantom-pain/symptoms-causes/syc-20376272