როგორ გავარკვიოთ პაციენტმა ფილტვების ანთება ფეხზე გადაიტანა თუ არა?
რა არის პნევმონია?
ფილტვების ანთებას სამედიცინო ენაზე პნევმონია ეწოდება.
პნევმონია წარმოადგენს ალვეოლისა და ტერმინალური სასუნთქი გზების ანთებას. პნევმონიას იწვევს არაერთი მიკროორგანიზმი, მათ შორის ბაქტერია, ვირუსი და სოკო.
ფილტვების ანთების სიმპტომები
პნევმონიის სიმპტომები მრავალფეროვანია. ფილტვების ანთება შესაძლოა მიმდინარეობდეს როგორც მსუბუქი, ისე მწვავე ფორმით.
ფილტვების ანთების სიმპტომებია:
- ხველის ან სუნთქვის დროს ტკივილი გულმკერდის არეში;
- 65 წლის ან მეტი ასაკის პირებში დაბნეულობა, ან მენტალური ცვლილებები;
- ნახველი;
- დაღლილობა;
- სიცხე, ციებ-ცხელების კანკალი, ოფლიანობა;
- 65 წელს გადაცილებულ პირებსა და ასევე სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში ვლინდება ნორმალურთან შედარებით სხეულის დაბალი ტემპერატურა;
- გულისრევა, ღებინება ან დიარეა;
- სუნთქვის უკმარისობა.
უსიცხო ფილტვების ანთება
სავსებით შესაძლებელია ფილტვების ანთების დროს ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმულ პირებს მხოლოდ ზოგიერთი სიმპტომი ან უმნიშვნელო ცხელება აღენიშნებოდეთ.
ამ კლინიკურ შემთხვევებში ყურადსაღებია ისეთი ზოგადი სიმპტომები როგორიცაა საერთო სისუსტე, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის რიტმის დარღვევა.
დიაგნოზი, ანუ პნევმონია დასტურდება რენტგენოლოგიური კვლევით.
ცნობისათვის, დაზღვეულნი არც ახალგაზრდები არიან და ახალგაზრდა პაციენტებშიც შესაძლოა განვითარდეს ფილტვების ანთება მკვეთრი კლინიკური სურათის გარეშე. ვინაიდან კლინიკური სურათი მკვეთრი არ არის და ფაქტობრივად, „უსიმპტომოდ“ მიმდინარეობს, პაციენტმა შესაძლოა არც კი იცოდეს პნევმონიით რომ ავადობს, შესაბამისად, აგრძელებს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
მსგავს კლინიკურ შემთხვევებს მედიკოსები უწოდებენ მოსიარულე პაციენტთა პნევმონიას, ატიპიურ პნევმონიას, შესაძლოა ასეთი განმარტებაც კი მოისმინოთ, რომ პირმა ფილტვების ანთება ფეხზე გადაიტანა.
სტატისტიკის თანახმად, პნევმონიის მსგავსი ფორმა ხშირია მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში.
უსიცხო ფილტვების ანთების გამომწვევი მიზეზია მიკროორგანიზმი სახელწოდებით მიკოპლაზმა.
არის თუ არა გადამდები მოსიარულე პაციენტთა პნევმონია?
მოსიარულე პაციენტთა პნევმონია ფილტვების ანთების მსუბუქი ფორმაა, თუმცა ატიპიური ფორმის მიუხედავად გადამდებია.
ინფიცირებული ბაქტერიას ავრცელებს ჰაერწვეთოვანი გზით (ხველა, ცემინება). ინფექცია მარტივად ვრცელდება ხალხმრავალ ადგილებში.
მიკროორგანიზმ მიკოპლაზმათი გამოწვეული პნევმონიის დროს პირი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე 2-4 კვირით ადრე. მთელი ამ დროის განმავლობაში პაციენტს წარმოდგენა არ აქვს რომ ანთება აქვს და გარშემო პნევმონიას ავრცელებს. პირი გადამდებია სიმპტომების გამოვლენის დროსაც (სიმპტომების ალაგებამდე).
უსიცხო ფილტვების ანთების სიმპტომები
მოსიარულე პაციენტთა პნევმონიის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- ანგინა;
- დაღლილობა;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- მსუბუქი ციება;
- ციებ-ცხელების სუსტი გამოვლინება, სხეულის სუბფებრილური ტემპერატურა;
- მუდმივი ხველა, რომელიც შესაძლოა იყოს მშრალი ან წარმოქმნას ლორწო;
- ცემინება;
- თავის ტკივილი;
- სხვა სიმპტომების გავლის მიუხედავად ორგანიზმის საერთო სისუსტე;
- ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს ყურის ინფექცია, ანემია ან კანის არახანგრძლივი გამონაყარი.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მოსიარულე პაციენტთა პნევმონიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შესაძლოა ნელა განვითარდეს, თუმცა ავადობის უფრო გვიან სტადიაზე შესაძლებელია სიმპტომატიკა გამწვავდეს, სიცხემაც მოიმატოს, ხველისას პაციენტმა შენიშნოს უფერული ნახველი.
დიახ, შესაძლოა პაციენტს არ ჰქონდეს ცხელება, თუმცა ვლინდება ზოგიერთი სიმპტომი, რომლის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება; ექიმთან დროული მიმართვის შემთხვევაში დაზღვეულნი იქნებით ნებისმიერი შესაძლო გართულებისგან.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/15744-pneumonia-atypical-walking-pneumonia