ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის ტოპ-მენეჯმენტი სამედიცინო ტურიზმის ვორქშოფში მონაწილეობდა.
ღონისძიება, რომელიც კიევში გაიმართა, ძალიან მასშტაბური იყო და მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამედიცინო ცენტრების, სპეციალიზირებული კლინიკების, საუნივერსიტეტო საავადმყოფოების, სპა-კურორტების, სარეაბილიტაციო დაწესებულებების, ტურისტული სააგენტოების, სადაზღვევო კომპანიების, კერძო დიაგნოსტიკური ცენტრებისა და სამედიცინო ინტერნეტ პორტალების წარმომადგენლები.
როგორც ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე ნეფარიძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, ვორქშოფი პროდუქტიული იყო.
"კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა გვქონდა, რომ დამსწრე საზოგადოებისთვის პრეზენტაცია წარგვედგინა, დისკუსიაში ჩავრთულიყავით და სამომავლო სამოქმედო გეგმაზე გვემსჯელა. ღონისძიება პოლიპროფილური საავადმყოფოებისა თუ სარეაბილიტაციო ცენტრების ფართო სპექტრით იყო წარმოდგენილი. სამედიცინო ტურიზმის ვორქშოფი წარმოადგენს სივრცეს, სადაც ჯანდაცვის სექტორში მოღვაწე ადამიანებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, ერთ სივრცეში გაეცნონ და შეისწავლონ ერთმანეთის საქმიანობა, დასახონ საერთო მიზნები და შეიძინონ ახალი, სასარგებლო კონტაქტები. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა არაერთი საინტერესო კონფერენცია", - განაცხადა ქალბატონმა ეკატერინემ.